დავით ზურაბიშვილი: სანამ ომის და სტიქიის ცხელი ფაზაა, ხელისუფლების კრიტიკა ყოველთვის წამგებიანია – თუ არ გჯერათ, ჩაატარეთ შოვის ტრაგედიის მერე სოციოლოგიური გამოკითხვა, ხელისუფლების რეიტინგი გაზრდილი დაგხვდებათ, ოპოზიციის შემცირებული

ჩაატარეთ შოვის ტრაგედიის მერე სოციოლოგიური გამოკითხვა და ხელისუფლების რეიტინგი რომ გაზრდილი დაგხვდებათ და ოპოზიციის შემცირებული, საცა თქვენი დაიკვეხოთ, იქ ჩემიცა თქვით, – ამის შესახებ ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, სანამ ომის და სტიქიის ცხელი ფაზაა, ხელისუფლების კრიტიკა ყოველთვის წამგებიანია.

„ფრიად ბანალური, მაგრამ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებისთვის არაპოპულარული აზრი უნდა გამოვთქვა.

ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ქვეყანაში ომის და სტიქიური უბედურების შემთხვევაში საზოგადოების პირველი და ინსტინქტური რეაქციაა კონსოლიდაცია ხელისუფლების ირგვლივ. ეს ბუნებრივია, რადგან ომისგან და სტიქიისგან წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრა სწორედ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ვალია და ხალხიც მათგან ელის ხსნას, მათ იმედზეა.

ამ ვითარებაში ხელისუფლებასთან დაპირისპირება, მის მიმართ კრიტიკა და პრეტენზიები, რაოდენ საფუძვლიანიც უნდა იყოს თავისი შინაარსით, უმრავლესობის მიერ აღიქმება მკვეთრად უარყოფითად და ჩასაფრებულის პოზიციად. ეს ყოველთვის ასეა. გაიხსენეთ საზოგადოების პირველი რეაქცია 2008 წლის ომზე და 2020 წლის პანდემიაზე.

ხელისუფლების კრიტიკა ბევრად უფრო გაგებით აღიქმება ომიდან და სტიქიიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როდესაც უფრო იკვეთება ხელისუფლების შეცდომები და გადაცდომები და ისიც კარგად ჩანს თუ რა დასკვნები გამოიტანა მმართველმა ძალამ გადატანილი განსაცდელისგან, მაგრამ სანამ ომის და სტიქიის ცხელი ფაზაა, ხელისუფლების კრიტიკა ყოველთვის წამგებიანია.

პრინციპში რაც დავწერე, ეს ყველაფერი არის პოლიტიკური ტექნოლოგიის ანაბანა და აქვე ყველას ვთხოვ, არ დამიწყოს იმის ახსნა თუ რა ცუდი ხელისუფლება გვყავს და რა ცუდად იქცევა. ჯერ ერთი მე ამის ახსნა არ მჭირდება, რადგან ძალიან მტკიცედ მწამს, რომ ქვეყანაში რაც კი რამ ცუდი ხდება, ამაზე უპირველეს ყოვლისა სწორედ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, და, გარდა ამისა, პოლიტტექნოლოგიის თვალსაზრისით აქ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ხელისუფლების სიცუდის ხარისხს. თუ არ გჯერათ და ჩაატარეთ შოვის ტრაგედიის მერე სოციოლოგიური გამოკითხვა და ხელისუფლების რეიტინგი რომ გაზრდილი დაგხვდებათ და ოპოზიციის შემცირებული, საცა თქვენი დაიკვეხოთ, იქ ჩემიცა თქვით“, – წერს დავით ზურაბიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები