ბექა ოდიშარია: მინდა დავარწმუნო ადამიანები, რომ ქართული სახელმწიფო არაფერს მოაკლებს არც დაზარალებულებს, არც გარდაცვლილებს და მით უმეტეს იმ ადამიანებს, ვისაც პირველადი მოხმარების პროდუქტების საჭიროება გაუჩნდება

საშინელი ტრაგედია ტრიალებს საქართველოში, რაჭაში, მის ულამაზეს კუთხეში შოვში. დაგვეღუპნენ თანამოქალაქეები.თითოეული ქართველის, თითოეული ადამიანის გარდაცვალება ჩვენი ერისთვის დიდი დანაკლისი და ტრაგედიაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ქართული სახელმწიფო არაფერს მოაკლებს არც დაზარალებულებს, არც გარდაცვლილებს და მით უმეტეს იმ ადამიანებს, ვისაც პირველადი მოხმარების პროდუქტების საჭიროება გაუჩნდება.

„ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს და გულწრფელ თანადგომას ვუცხადებ იმ ადამიანებს, ვინც დღესაც მოელის საკუთარი ახლობლების ცოცხლად გადარჩენას სტიქიის ზონიდან. მაგრამ, ამავე დროს შოკირებული ვარ ამდენი დეზინფორმაციით, ამდენი განზრახ ადამიანების დაზაფრვის გაუთავებელი ცდით, უნამუსო მრავალფეროვანი ფეიკების გავრცელებით, რომლებიც გულისხმობს, თითქოსდა უტრანსპორტობას, შესაბამისი სამაშველო ძალისხმევის დროულ არ გაწევას, ტექნიკის დეფიციტს, უწყლობას, უსაკვებობას და მრავალ სხვა ტყუილს!

მთავრობის და პარლამენტის ხელმძღვანელობიდან და წევრებიდან დაწყებული, ჩვენი გმირი გამოცდილი მაშველებით, პოლიციელებით დამთავრებული ყველა მობილიზებულია!

ვინც მე მიცნობს, გადასარევად იცის, თუ რა კავშირი მაქვს ათეული წლებია რაჭასთან და რაჭველებთან.

მუდმივად კავშირზე ვართ.

მინდა დავარწმუნო ადამიანები, ვისზეც მოქმედებს ამ ყალბი ინფორმაციების და მავნებლურად ნაწარმოები ბინძური ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული კამპანიები, რომ ქართული სახელმწიფო არაფერს მოაკლებს არც დაზარალებულებს, არც გარდაცვლილებს და მით უმეტეს იმ ადამიანებს, ვისაც პირველადი მოხმარების პროდუქტების საჭიროება გაუჩნდება.

წყალიც, პროდუქტიც და სამედიცინო საშუალებებიც, ისევე როგორც საჭირო ინფრასტრუქტურაც მათთვის არის და იქნება ხელმისაწვდომი! მთავარია დროულად ვიპოვოთ დაკარგული ადამიანები და შემდეგ, ვისაც გულწრფელად შეგვტკივა გული მომხდარ ტრაგედიაზე და უბედურებაზე, გავერთიანდეთ და ერთად გადავარჩინოთ შოვი!

გავერთიანდეთ რაჭისთვის!

ისე, როგორც ეს მოვახერხეთ 2015 წელს თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურებისა და ტრაგედიისას“, – წერს ბექა ოდიშარია Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 11 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები