გურამ მაჭარაშვილი: გამოდის, რომ რისთვისაც ტრამპს ბრალს უყენებენ, აქ უნდა დაპატიმრდეს ISFED-ის ხელმძღვანელობა
“როდესაც წავიკითხე ბრალდება, რომელსაც ტრამპს უყენებენ, მეგონა, რომ ეს იყო ISFED-ის და იმ „ენჯეოების“ თუ ნახევარი ოპოზიციის საწინააღმდეგოდ, რომლებმაც 2020 წლის არჩევნების შემდეგ ზუსტად ის გააკეთეს, რასაც ახლა ტრამპს ამერიკაში ედავებიან”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გამოდის, რომ რისთვისაც ტრამპს ბრალს უყენებენ, აქ უნდა დაპატიმრდეს ISFED-ის ხელმძღვანელობა.
„ე.წ ენჯეომ, „სამართლიანმა არჩევნებმა“, გააყალბა არჩევნები და შემდეგ აღიარა, შესაბამისად საელჩოც საქმის კურსში იყო, თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ამაზე არავინ არაფერს ამბობდა. ეს გააკეთეს იმისთვის, რომ საზოგადოებაში საარჩევნო ადმინისტრირების მიმართ ნდობაში ბზარი გაეჩინათ. სიტყვა-სიტყვით ეს წერია იმ ბრალდებაში, რასაც ახლა ტრამპს უყენებენ.
გამოდის, რომ იმისთვის, რისთვისაც ტრამპს ბრალს უყენებენ და დაპატიმრებას უპირებენ, აქ უნდა დაპატიმრდეს „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელობა და პასუხი უნდა აგოს საელჩომ, რომ იცოდა და არაფერი თქვა, ასევე ნახევარმა ოპოზიციამ, რომელიც ამბობდა, რომ ის შედეგები არ იყო სწორი, რაც „ცესკომ“ გამოაქვეყნა. ამ დროს აღმოჩნდა, რომ თურმე გაყალბებული ყოფილა „პივიტი“ და არა „ცესკოს“ შედეგები“, – აცხადებს მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეერთებული შტატებისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალი ოფიციალურად წაუყენეს – 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მოტყუებით შეცვლის მცდელობაში.