Politico: უკრაინაში ზელენსკის გარდაცვალების შემთხვევისთვის გეგმა არსებობს
უკრაინაში არსებობს გეგმა ომის დროს პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის გარდაცვალების შემთხვევისთვის, თუმცა, ოფიციალური პირები ამაზე საჯაროდ არ საუბრობენ.
ამის შესახებ Politico წერს.
პუბლიკაციის ავტორები აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიერ პრეზიდენტის შესაძლო მკვლელობის საკითხის იგნორირება არ შეიძლება არც უკრაინაში და არც დასავლეთში. ვოლოდიმირ ზელენსკი არ არის მხოლოდ სახელმწიფოს ფორმალური ლიდერი: ის პირადად თამაშობს მთავარ როლს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო მხარდაჭერის მოზიდვაში.
Politico იხსენებს, რომ სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში, უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, რუსებს უკრაინის პრეზიდენტის ლიკვიდაციის რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ, ხოლო რუსი რადიკალი დეპუტატები და “სამხედრო კორესპონდენტები” მის მოკვლას ისევ დაჟინებით ითხოვენ.
„საფრთხის გამო, ზელენსკის საგარეო ვიზიტები იგეგმება უკიდურესი საიდუმლოებით. უკრაინელი ოფიციალური პირები აღშფოთდნენ მიმდინარე წლის თებერვალში, როდესაც ბრიუსელში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია სამი დღით ადრე გაჟონა, რამაც საფრთხის ქვეშ დააყენა მისი მოგზაურობა”, – წერს გამოცემა.
როგორც Politico აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელ ოფიციალურ პირებს ამაზე საუბარი არ სურთ, ზელენსკის გარდაცვალების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა მაინც არსებობს. ჯერ კიდევ გასულ წელს, აღნიშნული, თითქმის დაადასტურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, როდესაც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ „უკრაინელებს აქვთ გეგმები“ „მთავრობის უწყვეტობისთვის“.
ფორმალურად, უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, ძალაუფლების გადაცემის ხაზი ნათელია: როდესაც პრეზიდენტი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, მის ფუნქციას უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ასრულებს. თუმცა, Politico წერს, რომ უმაღლესი რადას ამჟამინდელ თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკს მოსახლეობაში განსაკუთრებით მაღალი ნდობის რეიტინგი არ აქვს, თუმცა ეს პრობლემა, სავარაუდოდ, არ იქნება.
„არსებობს ლიდერთა ძლიერი გუნდი და ვფიქრობ, ჩვენ ვიხილავთ კოლექტიურ მთავრობას“, – განმარტავს ჰიპოთეტურ სიტუაციას ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის უფროსი თანამშრომელი, ადრიან კარატნიცკი.
გამოცემა ვარაუდობს, რომ ზელენსკის არყოფნის შემთხვევაში სახელმწიფოს კოლექტიურად უხელმძღვანელებენ – სტეფანჩუკი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება და თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი. ვალერი ზალუჟნი არმიის მთავარსარდლის პოსტზე დარჩება.
„ქვეყანამ მიაღწია ძალიან მნიშვნელოვან სოლიდარობასა და ეროვნულ ერთიანობას, ასე რომ, თუ ზელენსკის რაიმე საშინელება დაემართება, ეს არ იქნებოდა ისეთი გადამწყვეტი, როგორც თქვენ ფიქრობთ“, – განაცხადა კარატნიცკიმ.
მან აღნიშნა, რომ უკრაინაში შეიქმნა „სრულყოფილი“ ადმინისტრაციული, სამხედრო და დიპლომატიური მანქანა.
Politico აღნიშნავს, რომ მსოფლიო ისტორიაც ადასტურებს აღნიშნულს.
აშშ-ის ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიუროს ექსპერტების აზრით, ბოლო 150 წლის განმავლობაში, ეროვნული ლიდერების 59 მკვლელობა მოხდა.
”ავტოკრატების მკვლელობები იწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს ქვეყნის ინსტიტუტებში, მაგრამ დემოკრატების მკვლელობები – არა”, – ამბობენ ისინი.