ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება არის პრემიერ ღარიბაშვილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგარეოპოლიტიკური მიღწევა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით.
„მნიშვნელოვანია ყველა რესურსის ათვისება, რომელიც ამ პარტნიორობიდან შეიძლება გამომდინარეობდეს. ბუნებრივია, ყველა ნაბიჯი გადაიდგმება, იმისთვის რომ სტრატეგიული პარტნიორობა სათანადოდ იყოს რეალიზებული. ამ დოკუმენტის მნიშვნელობა ძალიან დიდია. რაც შეეხება ვალდებულებებს, აქ მთავარია, რომ დამყარდა სტრატეგიული პარტნიორობა და ეს სტრატეგიული პარტნიორობა იქნება ორმხრივად საინტერესო და ორმხრივად მომგებიანი, როგორც საქართველოსთვის, ასევე ჩინეთისთვის”,- განაცხადა კობახიძემ.