კრივოი როგის დაბომბვისას დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია

რუსი ოკუპანტების მიერ კრივოი როგზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია.

ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერხი ლისაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, მომხდარის შედეგად 64 ადამიანია დაშავებული, მათ შორის ორი ბიჭია და სამი გოგო, მათი ასაკი 4-დან 17 წლამდეა.

20-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოებში რჩება.

მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

მისი თქმით, ადგილზე სამაშველო ოპერაციაში 350-ზე მეტი ადამიანია ჩართული.

„წინასწარი ინფორმაციით, ორი ბალისტიკური რაკეტა მოხვდა. საცხოვრებელი კორპუსის მეოთხედან მეცხრემდე სართულები მთლიანად დაინგრა. სამუშაო რთულია: სახლის დანგრეულ სადარბაზოში კონსტრუქციის ნაწილი იშლებოდა”, – დაწერა მან ტელეგრამში.

მისი თქმით, რუსული რაკეტების სამიზნე ასევე იყო უნივერსიტეტის შენობა და ადმინისტრაციული შენობა.

„ამ დროისთვის ცნობილია ხუთი გარდაცვლილის, მათ შორის, ერთი ბავშვის და მისი დედის შესახებ. ვუსამძიმრებ ოჯახებს. ათობით ადამიანია დაჭრილი და დაშავებული. ყველა საჭირო დახმარებას იღებს“, – დასძინა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები