კულტურის სამინისტრო თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს რეჟისორს, რობერტ სტურუას 85 წლის იუბილეს ულოცავს
კულტურის სამინისტრო თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს რეჟისორს, რუსთაველის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რობერტ სტურუას 85 წლის იუბილეს ულოცავს!
„ბატონი რობერტი საერთაშორისო ავტორიტეტისა და აღიარების მქონე ქართველი ხელოვანია, რომელმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში. მან, საკუთარი შემოქმედებით, ახალ სიმაღლეზე აიყვანა ქართული სასცენო ხელოვნება, სადადგმო კულტურა თუ სათეატრო აზროვნება.
რეჟისორი რუსთაველის თეატრში მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან მოღვაწეობს, სადაც არაერთი წარმოდგენა შექმნა, რომლებიც დღესაც აქტუალური და პოპულარულია საზოგადოებაში. პირველი ნამდვილი წარმატება რეჟისორს 1965 წელს ა. მილერის „სეილემის პროცესმა“ მოუტანა. ამის შემდეგ იყო „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ხანუმა“, „ყვარყვარე“, „რიჩარდ III“ და „კავკასიური ცარცის წრე“. თუმცა ბერტოლდ ბრეხტის ,,კავკასიური ცარცის წრე“ მისი ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. სპექტაკლი მეოცე საუკუნის საუკეთესო სპექტაკლების კრებულშია შესული. ,,ჰამლეტი“ კი, რომელიც მან ლონდონის „რივერსაიდ სტუდიაში“ დადგა, შექსპირის საერთაშორისო საზოგადოების მიერ, ბოლო 50 წლის განმავლობაში შექმნილ ათ საუკეთესო სპექტაკლს შორის დასახელდა. ბატონი რობერტის შემოქმედება 100-ზე მეტ სპექტაკლს ითვლის.
დიდი მაესტრო დღემდე ანებივრებს მაყურებელს და სპექტაკლებში გამორჩეულ და ორიგინალურ ხელწერას სთავაზობს.
რუსთაველის თეატრმა და რობერტ სტურუამ, მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე, სახელი გაუთქვეს და საერთაშორისო აღიარება მოუპოვეს ქართულ თეატრსა და ქართულ კულტურას. რეჟისორი, სპექტაკლებს ასევე დგამს უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ თეატრებში, ქალაქებში: საარბრიუკენი, დიუსელდორფი, ათენი, მოსკოვი, ბუენოს-აირესი, თელ-ავივი, ლონდონი, სტამბული, ჰელსინკი, სამარა, ვაიმარი, რომი, კიევი, ანკარა, იერუსალიმი.
რობერტ სტურუას შემოქმედება არაერთ პრემიასა და საერთაშორისო ჯილდოს ითვლის, მათ შორისაა: საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის, საქართველოს სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილის, მიხეილ თუმანიშვილის პრემიების ლაურეატი; სტანისლავსკის სახელობის საერთაშორისო პრემიის, „ოქროს ნიღბის“ (რუსეთი), ბუენოს-აირესის თეატრის ისტორიკოსთა და კრიტიკოსთა ასოციაციის პრემიის (არგენტინა) მფლობელი. 2014 წელს, თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ, მსოფლიო თეატრის წინაშე გაწეული ფასდაუდებელი წვლილისათვის რობერტ სტურუას მსოფლიო თეატრის ელჩის წოდება მიენიჭა. მიღებული აქვს ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემია, ინგლისური კრიტიკის პრემია, არგენტინის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია, ფესტივალ „ბალტიური სახლის” მთავარი პრემია და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, რობერტ სტურუას 85 წლის იუბილეს აღსანიშნავად, რეჟისორი გიორგი ჭუმბურიძე იღებს დოკუმენტურ ფილმს ,,რობიკოს მასტერკლასი““, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.