აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში აცხადებენ, რომ ქვეყანაში შესაძლოა, COVID-19-ის ზაფხულის ტალღა დაიწყოს.
გამოცემა NPR-თან საუბარში CDC-ის მენეჯერმა, დოქტორ ბრენდან ჯექსონმა თქვა, რომ „დაახლოებით 6-7-თვიანი ინფიცირების კლების ფონზე, ვითარება უარესდება”.
მისი თქმით, ივლისის დასაწყისიდან კორონავირუსზე დადებითი პასუხის და მიმართვიანობის გაზრდა ფიქსირდება.
”ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მაჩვენებლები გაიზარდა და გასულ კვირას დავაფიქსირეთ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც. ეს შესაძლოა, იყოს ზაფხულის ბოლოს ტალღის დასაწყისი,” – ამბობს ექსპერტი.
CDC-ის უახლესი მონაცემებით, 15 ივლისის მდგომარეობით, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 10%-ით, კვირაში 7 109-მდე გაიზარდა, მაშინ როდესაც ერთი კვირით ადრე 6 444 აღირიცხა.
ჯექსონი ამბობს, რომ ვირუსი, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად სამხრეთ-აღმოსავლეთში და ყველაზე ნაკლებად შუა დასავლეთში ვრცელდება.
ჰოსპიტალიზებულთა უმეტესობა ხანდაზმულია.
ამავდროულად, ჯექსონის თქმით, კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი კვლავ კლებულობს, თუმცა, ვითარება შესაძლოა, უახლოეს კვირებში შეიცვალოს, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის პარალელურად.
ამასთან, CDC ჯერ არ გეგმავს პირბადეების ტარებისკენ მოწოდებასთან დაკავშირებული რეკომენდაციის გაცემას.
ამავდროულად, მეცნიერები გამოცემასთან საუბარში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ზაფხულში ახალი ტალღა გამოვლინდა, ის სერიოზული ვერ იქნება, რადგან ძალაშია ვაქცინაციის შედეგად მოსახლეობის იმუნიტეტი.
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ინფექციონისტი და KFF-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მთავარი რედაქტორი, სელინ გუნდერი ამბობს, რომ „იმუნიტეტის მხრივ საკმაოდ კარგ ფორმაში ვართ. როგორც ჩანს, მოსახლეობა ზოგადად არის საკმაოდ კარგ ფორმაში“.
თუმცა, მეცნიერები და ექიმები მიიჩნევენ, რომ შემოდგომაზე და ზამთარში COVID-19-ის კიდევ ერთი ტალღაა მოსალოდნელი. სავარაუდოა, რომ სექტემბერში სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია ახალ ვაქცინას დაამტკიცებს.
ზოგიერთი პროგნოზის მიხედვით, COVID-19 შესაძლოა, წელს და 2024 წელს იყოს იმაზე უარესი, ვიდრე სეზონური გრიპია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად კორონავირუსით ათიათასობით ადამიანი დაიღუპება.
ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი, ჯასტინ ლესლერი ამბობს, რომ ”ის კვლავაც დარჩება აშშ-ში სიკვდილიანობის გამოწვევის ტოპ 10, ან 15 მიზეზს შორის”.