„ქართულ პოეზიას კიდევ დიდხანს ეყოლება ვახტანგ ჯავახაძე – ნიშანსვეტად და ცოცხალ მასწავლებლად“!
29 ივლისს პოეტი ვახტანგ ჯავახაძე დაიბადა. მას 91 წელი შეუსრულდა.
ამ დღესთან დაკავშირებით პოეტი და მთარგმნელი გიორგი ლობაჟანიძე ფეისბუქის გვერდზე სტატუსს ავრცელებს.
„საიდან იწყება უახლესი ქართული პოეზია? რა თქმა უნდა, ვახტანგ ჯავახაძიდან(აც). იმ რამდენიმე, სულ რამდენიმე გენიოსს შორის, რომელთაც მოახერხეს და ქართული პოეზია გამოიყვანეს გალაკტიონის პროსოდიული გავლენებისაგან, როგორც ბუმბერაზის ნაკვალევის ჩიხური შოკისაგან, თანაც ისე, რომ გალაკტიონი კი არ უარუყვიათ, არამედ მიხვდნენ, რომ განვითარებისათვის სწორედ მის შინაგან ენერგიას უნდა დაყრდნობოდნენ, რასაკვირველია, პირველ რიგში, ვახტანგ ჯავახაძე იგულისხმება. მე პირადად არ ვიცი მასზე დიდი ექსპერიმენტატორი თანამედროვე ქართულ პოეზიაში. ექსპერიმენტატორი, რომლის თითქმის ყველა ექსპერიმენტმა გაამართლა, ბუნებრივად ამოავსო ქართული ლექსთწყობის თეორიულად შესაძლებელი, მაგრამ პრაქტიკულად ჯერ კიდევ აუთვისებელი ყამირი ადგილები და ძალდაუტანებლად ჩაჯდა ამ ლექსთწყობის ერთიან სისტემაში!
ბატონი ვახტანგის ერთი თამამი ექსპერიმენტი სალექსო პალინდრომის დახვეწა და განვითარებაა! ამიტომაც მის ამ სოლიდურ ასაკს 91-ს მე ვკითხულობ, როგორც 19-ს და ასეც ისევე ბუნებრივად იკითხება, როგორც მისი ვირტუოზული პალინდრომები. ამიტომაც მჯერა, რომ ქართულ პოეზიას კიდევ დიდხანს ეყოლება ვახტანგ ჯავახაძე – ნიშანსვეტად და ცოცხალ მასწავლებლად! რა ბედენაა 91 წელი, როცა 19 წლის ჭაბუკის ენერგია და შესაძლებლობა გაქვს!
გილოცავ, დიდო პოეტო“! – წერს გიორგი ლობჟანიძე.