დღეს ქართველ კომპოზიტორს, ბიძინა კვერნაძეს, 95 წელი შეუსრულდებოდა
დღეს გამოჩენილ ქართველ კომპოზიტორს, ბიძინა კვერნაძეს, 95 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს კომპოზიტორის ხსოვნას და მის ღვაწლს ქართული კულტურის წინაშე.
„ბიძინა კვერნაძე თანამედროვე ქართული მუსიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. მან ეროვნული მუსიკალური ხელოვნების არაერთი ჟანრი ძირეულად განაახლა.
ბიძინა კვერნაძეს შექმნილი აქვს ოპერები და ბალეტები, ინსტრუმენტული კონცერტები, საორკესტრო და ვოკალურ-სიმფონიური ნაწარმოებები, საფორტეპიანო პიესები, საესტრადო სიმღერები, მუსიკა 30-ზე მეტი ფილმისთვის, მათ შორის: „განაჩენი“, ,,ნეილონის ნაძვის ხე“, „უდიპლომო სასიძო“, ,,შეხვედრა მთაში“, „წიგნი ფიცისა“, „ნატვრის ხე“, „ანთიმოზ ივერიელი“, ასევე, ჯანსუღ კახიძესთან ერთად, მუსიკა მრავალსერიიანი ქართული ფილმისთვის „დათა თუთაშხია“.
აღსანიშნავია მისი შექმნილი მუსიკა დრამატული სპექტაკლებისთვის – „საბრალდებო დასკვნა“, „ყვარყვარე თუთაბერი“, „ჭინჭრაქა”, „ზაფხულის ღამის სიზმარი”, „მე ვხედავ მზეს”, „დარისპანის გასაჭირი“, „დაკრძალვა კალიფორნიაში“.
საქართველოს სახალხო არტისტი, ბიძინა კვერნაძე, იყო ზაქარია ფალიაშვილისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. სხვადასხვა წლებში იყო თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი და კომპოზიციის კათედრის გამგე. 2003 წელს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ საზეიმოდ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.
საგულისხმოა, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, შემოდგომაზე ბიძინა კვერნაძის სახელობის სიღნაღის საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსი გაიმართება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.