“ეს არის რუსეთის უკანონო ქმედება” – სოხუმის აეროპორტი 49 წლით რუს ინვესტორებს გადაეცემა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთთან სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
პროექტი დეპუტატმა, ალხას ბარციცმა წარადგინა.
მისი თქმით, არსებობს ორი ინვესტორი, რომელიც მზად არის პროექტის განსახორციელებლად და სპეციალური კომისია განსაზღვრავს, მათგან რომელი მიიღებს ხელშეკრულებას.
ობიექტის იჯარის ვადა 49 წელია, სპეციალური საგადასახადო რეჟიმი იმოქმედებს 25 წლამდე, გარკვეული შეღავათები იმოქმედებს იჯარის მთელი პერიოდის განმავლობაში. ინვესტორი არ არის გათავისუფლებული ე.წ. საშემოსავლო გადასახადისა და სახსრების გადახდისგან.
დეპუტატმა განმარტა, რომ ინვესტორი ასეთი დიდი ვადით თავისუფლდება გადასახადების უმეტესი ნაწილისგან, რადგან აეროდრომის ნაწილი აფხაზური მხარის პასუხისმგებლობის ზონაშია, რომელსაც არ აქვს საკმარისი სახსრები მისი რეკონსტრუქციისთვის, ხოლო ინვესტორი ყველა ხარჯს იღებს.
გარდა ამისა, აფხაზურ მხარეს ენერგომომარაგების სპეციალური რეჟიმი ეკისრება – 2023 წელს 11,5 მეგავატი და 2024 წელს კიდევ 4 მეგავატი. ამისთვის ორ ქვესადგურს – აღუძერასა და დრანდაში – რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.
ქვესადგურების და მისასვლელი გზის მშენებლობაზე პასუხისმგებელია აფხაზური მხარე, დანარჩენი ხარჯი ინვესტორის ფინანსური პასუხისმგებლობაა.
პირველ ეტაპზე ინვესტორის ინვესტიციები 6-10 მილიარდი რუბლი იქნება.
ეკონომიკის ე.წ. მინისტრის, ქრისტინა ოზგანის განცხადებით, ინვესტორი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს საპროექტო დოკუმენტაციას, ტექნოლოგიური ობიექტების მიერთებას, ობიექტების მოვლა-პატრონობას და პასუხისმგებელია ობიექტებზე გამოვლენილ ხარვეზებზე. თუ დაწესებული პირობები არ დაკმაყოფილდება, ინვესტორს მოუწევს გათვალისწინებული შეღავათების ოდენობის ანაზღაურება.
სოხუმის აეროპორტის რუსებისთვის 49 წლის ვადით გადაცემა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკვე დაგმო.
“კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სტრატეგიული ობიექტის – სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ. ეს არის რუსეთის უკანონო ქმედება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს!”, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.