“მარგველაშვილს ჰგონია, რომ მისი განმარტება დამაჯერებელია, თუ მექრთამეობა გადავწყვიტე, 11 500 დოლარს რატომ დავთანხმებოდიო, რეალობაში მისი განცხადება მდარე დონის განმარტებაა” – გია ვოლსკი
პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი – გიორგი მარგველაშვილი ჩართული იყო და აქტიურად მუშაობდა საქართველოს დასანქცირების სტრატეგიაზე, – ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„გიორგი მარგველაშვილი ფილოსოფოსია და კარგად ესმის გამოთქმა – „კოკასა შიგან რაც არის, იგივე წარმოდინდების“. მარგველაშვილს ჰგონია, რომ მისი განმარტება დამაჯერებელია, თუ მექრთამეობა გადავწყვიტე, 11 500 დოლარს რატომ დავთანხმებოდიო. რეალობაში, მისი განცხადება მდარე დონის განმარტებაა. როგორც ჩანს, შინაგანად ისეა განწყობილი, რომ მართლა დიდი თანხა რომ ყოფილიყო, ჩართული ყოფილიყო იმ პროცესებში, რაზედაც თავად ცდილობს, რომ პასუხისმგებლობისგან თავი აირიდოს. სწორედ მარგველაშვილი იყო აქტიურად ჩართული საქართველოს დასანქცირების პროცესსა და სტრატეგიაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.