სპეციალური საგამოძიებო სამსახური ლაშა ჟღენტის დაკავების თაობაზე მიმდინარე გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ლაშა ჟღენტის დაკავების თაობაზე მიმდინარე გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“გვსურს, გამოვეხმაუროთ 2023 წლის 20 ივლისს, თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე, მოქალაქე ლაშა ჟღენტის დაკავების თაობაზე ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ მცდარ ცნობებს და საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ.
2023 წლის 21 ივლისს, ლაშა ჟღენტის დედის, მოქალაქე ხათუნა გამცემლიძის შეტყობინების საფუძველზე, რომელიც პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მისი შვილების მიმართ უკანონო ქმედებების განხორციელებას ეხებოდა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
გამოძიების დაწყებიდან დღემდე, შემჭიდროვებულ ვადებში, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე აუცილებელი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, მათ შორის, ინციდენტის ამსახველი ვიდეოკამერის ჩანაწერები მოიპოვა და ფაქტის შემსწრე ნეიტრალური მოწმეები გამოკითხა.
კერძოდ, საქმეზე დაკავების ადგილზე მყოფი, ინციდენტის შემსწრე 6 პირი გამოიკითხა, რომლებმაც მიუთითეს, რომ სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობის ფაქტი არ დაუნახავთ.
საქმეზე მოპოვებულ იქნა კერძო ობიექტის და დაკავების ადგილზე მყოფი ერთ-ერთი პირის მიერ მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეოკადრები. ჩანაწერების დათვალიერებით დადგინდა, რომ გოგებაშვილის ქუჩაზე მოძრავ 3 მამაკაცს პოლიციის თანამშრომლები აჩერებენ და საუბრის შემდგომ ერთ-ერთი მათგანის ზედაპირულ შემოწმებას იწყებენ. აღნიშნული მამაკაცი პოლიციელებს შემოწმების სრულყოფილად ჩატარების შესაძლებლობას არ აძლევს და მათ წინააღმდეგობას უწევს, რის შემდეგაც სამართალდამცველები მის დაკავებას იწყებენ და ავტომანქანისკენ მიჰყავთ. პოლიციელებს დაკავებულის გადაყვანასა და ავტომანქანის დაძვრაში ხელს უშლის ადგილზე მოსული ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც პოლიციელებთან ფიზიკურ კონტაქტში შედის. მოქალაქეების შეჩერებიდან დაახლოებით 7-8 წუთში პოლიციის ავტომანქანა შემთხვევის ადგილს ტოვებს. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერში პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ ფიქსირდება.
გამოძიების მიერ გამოიკითხა ლაშა ჟღენტის დაკავების მონაწილე და დაკავების ადგილზე მყოფი ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს 4 თანამშრომელი, რომლებმაც განმარტეს, რომ გოგებაშვილის ქუჩა N30-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 3 ახალგაზრდა მამაკაცი შეაჩერეს და მათ ვინაობა ჰკითხეს. ერთ-ერთი მათგანის – ლაშა ჟღენტის ქცევა საეჭვოდ მიიჩნიეს და მისივე თანხმობით, მასთან საპოლიციო ღონისძიების – ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების ჩატარება დაიწყეს. დათვალიერების პროცესში ლაშა ჟღენტმა მათ წინააღმდეგობა გაუწია და პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის საფუძველზეც მისი დაკავება ადმინისტრაციული წესით დაიწყეს. ლაშა ჟღენტის დაკავებისას და ავტომანქანაში ჩასმისას მისი თანმხლები პირები, ასევე, შემდგომში ადგილზე მოსული ლ. ჟღენტის ბებია – გულნაზი ჟღენტი წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციის თანამშრომლებს. მათ შორის, გულნაზი ჟღენტი დაჯდა პოლიციის ავტომანქანის საჭესთან და არ აძლევდა მათ ადგილიდან დაკავებული პირის წაყვანის შესაძლებლობას. პოლიციელების თქმით, საბოლოოდ, გამოყენებული პროპორციული ღონისძიებების შედეგად, მოახერხეს ლაშა ჟღენტის ბადრაგირება პოლიციის სამმართველოს შენობაში. პოლიციის თანამშრომლებმა განმარტეს, რომ დაკავებული ან/და სხვა პირის მიმართ ფიზიკურ ძალადობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვა სახის უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონია.
სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში”, ლაშა და ლუკა ჟღენტებს ჩაუტარდათ სამედიცინო ექსპერტიზა, ექსპერტთან პირადად წარდგენის გზით. ამ ეტაპზე ექსპერტიზის დასკვნები მიღებული არ არის;
სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა ასევე დაკავებულის ბებიას გულნაზი ჟღენტს, რომელიც ასევე მონაწილეობდა დაკავების ინციდენტში და რომელსაც სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. მიყენებულ დაზიანებებთან დაკავშირებით მან გამოძიებას განუმარტა, რომ იგი პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობას უწევდა და დაკავებული ლაშა ჟღენტის წაყვანის საშუალებას არ აძლევდა. გულნაზი ჟღენტმა მიუთითა, რომ მის მიერ პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შედეგად სხეულზე დაზიანებები მიიღო.
ზემოხსენებული მტკიცებულებები, რომელიც ამ დროისთვის არის მოპოვებული, არ იძლევა სამართალდამცავების მხილების და მათი პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას, რათა საქმეზე ობიექტური სურათის შექმნით შესაძლებელი გახდეს საბოლოო სამართლიანი და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება. თუკი საქმეზე მოპოვებული იქნება რომელიმე სამართალდამცავის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, უწყება შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს.
გამოძიების პროცესში პოტენციური მსხვერპლის ჩართულობის, მისი ინფორმირებულობის და გამოძიების გამჭვირვალობის მიზნით, ლაშა ჟღენტს და მისი ოჯახის წევრებს გამოძიების პირველივე დღეებიდან საქმის მასალებთან სრული წვდომის უფლება მიეცათ.
გამოძიების შედეგების თაობაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდის.
მედიასაშუალებებს კი მოვუწოდებთ, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაცია, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება”,- წერია განცხადებაში.