კულტურის სამინისტრომ კონკურსის – „ვიზუალური ხელოვნების სფეროში შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“ – გამარჯვებულები გამოავლინა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოავლინა კონკურსის – „ვიზუალური ხელოვნების სფეროში შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“ – გამარჯვებული პროექტები.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ათი საკონკურსო პროექტიდან გამოვლინდა ხუთი გამარჯვებული:
1. „ფრანკფურტის ვიზუალური ხელოვნების შტედელის სკოლა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია: ექსპოზიცია“ (განმახორციელებელი ფ. პ. მარიამ ჯანაშია). პროექტი ითვალისწინებს თბილისის სამხატვრო აკადემიისა და ფრანკფურტის შტედელის უნივერსიტეტის სტუდენტების ერთობლივ ჯგუფურ გამოფენას თბილისში, სამხატვრო აკადემიის ისტორიულ ტერიტორიაზე და სივრცეში.
2. „გურიის დღეები“ (განმახორციელებელი ა(ა)იპ „შემოქმედებითი განახლება“). პროექტი ითვალისწინებს გურიაში, დაბა ჩოხატაურში, შემოქმედებითი კვირეულის ჩატარებას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი სკოლებისა და სახელოვნებო წრეების მოსწავლეები.
3. „თანამედროვე ქანდაკება არსებულ და იმიტირებულ რეალობაში“ (განმახორციელებელი ა(ა)იპ „თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაცია“). პროექტი გულისხმობს საერთაშორისო გამოფენის მოწყობას. თბილისში, კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზის“ საექსპოზიციო სივრცეში, მაყურებელი ქანდაკებას ერთდროულად ნახავს როგორც არსებულ, ისე იმიტირებულ რეალობაში.
4. მხატვარ ეკა მუხაძის ფერწერული ნამუშევრების სოლო გამოფენა ინსტალაციით. პერფორმანსი და სამუშაო შეხვედრა კასპის რეგიონში – „ჯადოსნური ყვავილი“ (განმახორციელებელი ფ. პ. ეკატერინე მუხაძე). პროექტი ხორციელდება კასპის რაიონში, ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლეში.
5. მარიამ ყანდიაშვილისა და ლაზარე შანიძის კოლაბორაციული არტპროექტი „ფესვები“ (განმახორციელებელი ფ. პ. მარიამ ყანდიაშვილი). პროექტი ხორციელდება აჭარაში, ქ. ბათუმში, აჭარის ხელოვნების მუზეუმში, სადაც მოეწყობა გამოფენა და ჩატარდება მასტერკლასები. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მცხოვრებლები.
კონკურსის – „ვიზუალური ხელოვნების სფეროში შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“ – ბიუჯეტი იყო 60 000 ლარი.
ინფორმაციისთვის: სამინისტრომ ამავე კონკურსისათვის 2022 წელსაც 60 000 ლარი გამოყო. კონკურსში გამარჯვებულმა შვიდმა ორგანიზაციამ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში წარმოადგინა ექსპოზიცია და ჩაატარა მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიება (ოთხი სამუშაო შეხვედრა, ორი ტრენინგი, ორი კონფერენცია, ერთი ჩვენება და სხვ.); შეიქმნა ბეჭდური პროდუქცია.