ბოჭორნელი ექიმი ირაკლი ხვედაგურიძე “The Guardian”-ის ობიექტივში მოექცა
ამ დღეებში ბრიტანული გამოცემა „გარდიანის” საგანგებო ფოტორეპორტაჟში ოცამდე სურათი ეძღვნება თუშეთის მკვიდრის, 81 წლის ბოჭორნელი ექიმის, ირაკლი ხვედაგურიძის საქმიანობას, რომელიც ფეხით, ცხენით და ხანაც თვითნაკეთი თხილამურებით უვლის ათობით სოფელს.
იგი ერთადერთი ექიმია თუშეთის მაღალ მთიანეთში, რომელიც 2010 წლიდან ზღვის დონიდან 2345 მეტრზე სოფელ ბოჭორნაში დასახლდა და მთაში შემორჩენილ ოცამდე მცხოვრებს, ასევე საძოვრებზე მყოფ მწყემსებს სამედიცინო შემოწმებას და დახმარებას უწევს. 81 წლის ექიმი, მსგავსი შემარებით და პროფესიული თავგანწირვით ალბათ იშვიათია და ის თავისუფლად მოხვდება გინესის სიაში, თუკი ვინმე დაინტერესდება და აღნუსხავს მის რეკორდულ მაჩვენებლებს.
„გარდიანის” ფოტოგრაფის ტომერ იფრაჰის (Tomer Ifrah) ფოტოები თუშეთის ულამაზესი ლანდშაფტებს გადაშლის მნახველის წინაშე, ეს მისტიკური პეიზაჟები, სადაც ბუნება დომინანტობს და მბრძანებლობს, ადამიანსაც თავისი წილი სათქმელი უნდა ეთქმოდეს და თუკი ის არავინ გაამაგრა და გაამყარა, თუ იქ არ იქნება მეტი მოსახლე, განსაკუთრებით ახალი თაობის ოჯახები და ბავშვები, თუკი არ იმოქმედებს სკოლა და სამედიცინო ცენტრი, იოლად მისასვლელი გზები, სხვაგვარად ეს ღვთიური მშვენიერების კარ-მიდამო ბრმა და ყრუ გახდება, უადამიანოდ ხომ ყველაფერი შინაარსს კარგავს?!
ბატონი ირაკლი ხვედაგურიძე კი მართლაც ჩინებული პროფესიონალი და საკუთარი ქვეყნის ბედ-იღბლით დაინტერესებული პიროვნებაა, რომლის შესახებ ამიერიდან მილიონობით მკითხველი შეიტყობს წინამდებარე ფოტორეპორტაჟის მეშვეობით.
მთასავით მტკიცე ამ კაცის მაგალითმა კი შეუძლებელია უკვალოდ ჩაიაროს და გამოძახილი არ ჰპოვოს საქართველოს ახალგაზრდებში…
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან