უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქ კოლეგასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა და „მარცვლეულის შეთანხმება“ განიხილა.
„ლიდერებმა დეტალურად განიხილეს შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შესახებ შეთანხმების გაგრძელება. ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი ინტენსიურად ცდილობს მშვიდობის დამყარებას“, – ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.
ზელენსკის თქმით, კოორდინირებული იყო მათი ძალისხმევა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის მუშაობის აღსადგენად, ასევე, მან ერდოღანთან „მშვიდობის ფორმულის“ განხორციელებაზეც ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ 17 ივლისს რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა და დაემუქრა მხარეებს, რომლებიც გადაწყვეტენ ინიციატივა რუსეთის მონაწილეობის გარეშე გააგრძელონ.
ამის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მას სჯერა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელების შესაძლებლობის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ.