ბლინკენი იმედოვნებს, რომ თურქეთი შეძლებს რუსეთის დაბრუნებას „მარცვლეულის შეთანხმებაში“
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი იმედოვნებს, რომ თურქეთი ხელს შეუწყობს რუსეთის დაბრუნებას შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში.
როგორც უკრაინული მედია Politico-ზე დაყრდნობით იუწყება, ამის შესახებ ბლინკენმა ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ ველით, რომ თურქეთი ითამაშებს იმ როლს, რომელიც უკვე ითამაშა – წამყვანი როლი ამ პროცესის სწორ გზაზე დაბრუნებაში“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
ბლინკენმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი „საკვებს იარაღად იყენებს“ და „ნამდვილად არაკეთილსინდისიერად იქცევა“.
„ამიტომ, იმედი მაქვს, რომ მსოფლიო ამას უყურებს და დაინახავს, თუ როგორ ცინიკურად მანიპულირებს რუსეთი საკვებით უკრაინაში თავისი მიზნების მისაღწევად“, – დასძინა ბლინკენმა.
მისი თქმით, რუსეთის შეთანხმებიდან გასვლამ, შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალ სამოქალაქო გემებზე თავდასხმის მუქარამ და ოდესის საჰაერო თავდასხმებმა კომერციულ გემებზე და დაზღვევაზე გავლენა მოახდინა, რომელიც რეგიონში დიდი მოცულობის მარცვლეულისა და სხვა ძირითადი საკვები პროდუქტების გადასატანად არის საჭირო.
ბლინკენმა დასძინა, რომ აშშ მოკავშირეებთან და უკრაინასთან ერთად მუშაობს, რათა განიხილონ სხვა ვარიანტები უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიწოდებისთვის.
შეგახსენებთ, რომ 17 ივლისს რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა და დაემუქრა მხარეებს, რომლებიც გადაწყვეტენ ინიციატივა რუსეთის მონაწილეობის გარეშე გააგრძელონ.
ამის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მას სჯერა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელების შესაძლებლობის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ.