ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ გასაგრძელებლად პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენის მიზნით, მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდს გამართავს. ამის შესახებ RBC-უკრაინა „ანადოლუზე“ დაყრდნობით იუწყება.
როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ანკარა საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე მოსკოვთან კონტაქტს გააგრძელებს.
თურქეთის ლიდერის თქმით, ის პუტინთან „მარცვლეულის შეთანხმების“ განხილვას როგორც ტელეფონით, ასევე, თურქეთში ვიზიტის დროსაც გეგმავს.
მისივე განცხადებით, დასავლეთმა, თავის მხრივ, ამ საკითხში რუსული მხარის მოლოდინები უნდა გაითვალისწინოს.
„შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტას არაერთი უარყოფითი შედეგი მოჰყვება, მათ შორის მსოფლიოში ფასების ზრდა სურსათზე, შიმშილი და მიგრაციის ახალი ტალღა. ჩვენ გავაგრძელებთ ინიციატივას, რათა თავიდან ავიცილოთ ასეთი შემთხვევა“, – განაცხადა ერდოღანმა.
მას მიაჩნია, რომ პუტინთან მოლაპარაკებები ხელს შეუწყობს „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელებას.
„ვიცით, რომ მას დასავლეთის ქვეყნებისგანაც აქვს გარკვეული მოლოდინები, დასავლეთის ქვეყნებმაც უნდა მიიღონ ზომები ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
როგორც ერდოღანმა განაცხადა, თურქული მხარე ყველა ღონეს გამოიყენებს, მათ შორის დიპლომატიურ ძალისხმევას, რათა „მარცვლეულის შეთანხმება“ აღადგინოს.