„მაჩაბელი – 2023“ – ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

გიორგი ერისთავის სახელობის გორის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში  ლიტერატურული კონკურსის „მაჩაბელი – 2023“-ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია  გაიმართა.
როგორც ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2023 წელს ლიტერატურული პრემია ,,მაჩაბელი“ „საუკეთესო პოეტური ციკლი/კრებულის“ ნომინაციაში გადაეცა სოსო მეშველიანს, რომელსაც საკონკურსოდ წარმოდგენილი ჰქონდა პოეტური კრებული – ,,მწერი ქარვაში“  (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა).
„საუკეთესო პროზაული ნაწარმოების ავტორის“ ნომინაციაში დაჯილდოვდა დათია ბადალაშვილი „ცისკარი – 1852“ ში გამოქვეყნებული მოთხრობისთვის „ევა, იანვარა და იასამანი“.
2023 წელს საუკეთესო კრიტიკული/ესეისტური/პუბლიცისტური კრებულის ნომინაციაში ჟიურის გადაწყვეტილებით პრემია „მაჩაბელი“ არ გაიცა.
საუკეთესო პოეტური/პროზაული ქართული თარგმანის ნომინაციაში დაჯილდოვდნენ მთარგმნელები: ხათუნა ცხადაძე – იტალო კალვინოს რომანისთვის „კოსმოკომიკური ამბები“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა), მაია ბადრიძე – კატია პეტროვსკაის რომანისთვის „ალბათ ესთერი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა).
ნომინაციაში „საუკეთესო პიესა“ პრემია გადაეცა ბესო ხვედელიძეს დრამატურგიული ნაწარმოებისთვის „,ხიდჩატეხილობა“  (გამომცემლობა „აგორა“).
ჟიურის რჩეულის პრემია, 1000 ლარის ოდენობით, გადაეცა პოეტ მანანა ჩიტიშვილს.
თითოეულ საკონკურსო ნომინაციაში გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ პრიზთან ერთად, გადაეცათ პრემია 2000 ლარის ოდენობით და სამახსოვრო საჩუქრებთან ერთად ეროვნული ბიბლიოთეკის სოლიდური გამოცემები გადაეცა კონკურსის ყველა ფინალისტს.
ლიტერატურული კონკურსის „მაჩაბელი – 2023“ ჟიურის წევრები იყვნენ:
• ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი და მთარგმნელი, ნანა ტონია;
• მწერალი და მთარგმნელი, ირმა ტაველიძე;
• ლიტერატურათმცოდნე და მწერალი, ზაალ ჩხეიძე;
• ლიტერატურათმცოდნე და კრიტიკოსი, ნანა ტრაპაიძე;
• მწერალი, პროზაიკოსი, ნათია როსტიაშვილი.

ლიტერატურული კონკურსი „მაჩაბელი“ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გიორგი მახარობლიძის სახელობის ლიტერატურული კაფეს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პარტნიორობითა და „ლიბერთი ბანკის“ გენერალური სპონსორობით, უკვე მესამე წელია იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები