თეა წულუკიანმა საქართველოს სახალხო არტისტის, მოცეკვავე ომარ მხეიძის, ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ომარ მხეიძის ხსოვნას პატივი მიაგო. თბილისის ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გამართულ სამოქალაქო პანაშვიდზე კულტურის მინისტრმა მიუსამძიმრა გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.
ომარ მხეიძე 1953 წლიდან იყო საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის წამყვანი სოლისტი (ხელმძღვანელი ჯ. ბაგრატიონი), 1954 წლიდან – საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე (ხელმძღვანელები ნ. რამიშვილი, ი. სუხიშვილი). იყო კინოკომპანია „ჯიმ შვანთეს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, 1984-1989 წლებში – თბილისის სადღესასწაულო რიტუალების სასახლის დირექტორი, ე. თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული კათედრის კონსულტანტი.
ომარ მხეიძის რეპერტუარიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავია „ხევსურული სიუიტა“, „მხედრული“, „შეჯიბრი“, „მუხამბაზი“, „მთიელ ვაჟთა ცეკვა“, „ქაჯეთის აღება“.
ომარ მხეიძის დამსახურება არაერთი ჯილდოთი აღინიშნა. ის იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი (1963), საქართველოს სახალხო არტისტი (1971), ღირსების ორდენის კავალერი (1996). სხვადასხვა დროს მიენიჭა წლის ადამიანის (გაზეთი „რაეო“, 2005), ქართული კულტურის ამაგდარის (ქ. თბილისის მერია, 2009), ქართული კულტურის რაინდის (საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი, 2013), საუკუნის მოცეკვავის (საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირი, 2014), ხელოვნების ქურუმის (საქართველოს კულტურის სამინისტრო, 2015) წოდებები. 2014 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია „სახალხო დიპლომატიამ“ გადასცა საპატიო სიგელი „სახალხო სიყვარული“, როგორც ორი საუკუნის ქართული ცეკვის ლეგენდას.
2016 წლის 8 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის, ინიციატივით ფონდმა „ქართულმა გალობამ” ქართული ხალხური ცეკვის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ხელოვანს მიანიჭა ღვაწლმოსილი მოცეკვავის წოდება. 2011 წელს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.