საელჩოზე თავდასხმის შემდეგ, შვედეთის საგარეო უწყებაში ერაყის ელჩი დაიბარეს
ბაღდათში შვედეთის საელჩოზე თავდასხმის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროში ერაყის ელჩი დაიბარეს.
ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა განაცხადა, – წერს SVT-ი.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას დიპლომატიური მისიები დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად.
„აშკარაა, რომ ერაყის ხელისუფლებას ამ ვალდებულების შესრულებაში სერიოზული ჩავარდნა აქვს… ის, რაც მოხდა, აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა ბილსტრომმა.
მან აღნიშნა, რომ ერაყის საქმეთა დროებითი რწმუნებული შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
„მთავრობა განიხილავს, თუ რა დამატებით ზომებს მიმართავს მომხდართან დაკავშირებით“, – დასძინა მინისტრმა.
გვიან ღამით ასობით ადამიანი ბაღდადში შვედეთის საელჩოში შეიჭრა და შენობას ცეცხლი წაუკიდა. შეკრებილები ყურანის დაწვის აქციას აპროტესტებდნენ. ერაყის პოლიციამ ხალხის დასაშლელად სპეცსაშუალებები გამოიყენა, მათ შორის, წყლის ჭავლი.