კულტურის სამინისტრომ კონკურსის – „საბავშვო-საყმაწვილო სახელოვნებო სკოლების/სტუდიების ხელშეწყობა“ – გამარჯვებულები გამოავლინა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოავლინა კონკურსის – „საბავშვო-საყმაწვილო სახელოვნებო სკოლების/სტუდიების ხელშეწყობა“ – გამარჯვებული პროექტები. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის ბიუჯეტი იყო 30 000 ლარი. სამინისტროს მიმართა ხუთმა კონკურსანტმა.
გამარჯვებული პროექტებია:
გამარჯვებული პროექტებია:
1. ხალიჩების ქსოვის წრე – ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო. პროექტი ითვალისწინებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის ხელოვნების სკოლისათვის საქსოვი დაზგების შეძენას.
2. კინოსახელოსნო მოზარდებისათვის. შემეცნებით-საგანმანათლებლო არტთერაპია – ა(ა)იპ კინოკლუბი. პროექტი ითვალისწინებს მე-20 საუკუნის კინემატოგრაფიის ისტორიის შესასწავლად მოზარდებისათვის მასტერკლასებისა და სამუშაო შეხვედრების ჩატარებას. შემეცნებით-საგანმანათლებლო პროცესში გამოყენებული იქნება არტთერაპიაც.
3. სასწავლო-შემოქმედებითი ინოვაციები სახელოვნებო განათლებაში – ა(ა)იპ საქართველოს კულტურის აკადემია. პროექტი ითვალისწინებს თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ბაზაზე კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესის განვითარებისათვის მასტერკლასებისა და ტრენინგების ჩატარებას; მომზადდება ციფრული ალბომიც.
4. ძირძველი ხელოვნება აჭარაში – ა(ა)იპ ხულოს სახელოვნებო სკოლა. პროექტი ითვალისწინებს ხულოს სახელოვნებო სკოლისათვის საქარგავი მანქანისა და ფანდურის შეძენას.
2021 წელს კონკურსი ჩატარდა სახელწოდებით „საყმაწვილო სასწავლო სტუდიების ხელშეწყობა“. მისი ბიუჯეტი შეადგენდა 25 000 ლარს. გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული პროექტი, რომლებმაც მოიცვა 145 ბენეფიციარი.
2022 წელს კონკურსის – „საბავშვო-საყმაწვილო სახელოვნებო სკოლების/სტუდიების ხელშეწყობა“ – ბიუჯეტი 30 000 ლარით განისაზღვრა. საკონკურსო განაცხადი ოთხმა ორგანიზაციამ წარმოადგინა, ოთხივემ გაიმარჯვა და დაფინანსება მოიპოვა.