რუსეთი “მარცვლეულის შეთნხმების” ფარგლებში არსებულ გემების უსაფრთხოების გარანტიებს აუქმებს, რადგან დღეიდან თავად შეთანხმების მოქმედება ცალმხრივად შეწყდა.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
გარდა ამისა, რუსეთის ფედერაცია ზღუდავს საზღვაო ჰუმანიტარულ დერეფანს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და, შესაბამისად, აღადგენს იქ დროებით, სახიფათო ზონის რეჟიმს.
რუსულმა მხარემ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ, თითქოსდა „დეკლარირებული ჰუმანიტარული მიზნების საწინააღმდეგოდ, უკრაინული საკვების ექსპორტი წმინდა კომერციულ ბაზაზე გადავიდა“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, „მარცვლეულის გარიგების“ გაგრძელების სანაცვლოდ, სასუქებსა და საკვებზე დასავლური სანქციების გაუქმებას ითხოვს.
„მხოლოდ კონკრეტული შედეგების და არა დაპირებებისა და გარანტიების მიღების შემდეგ, რუსეთი მზად იქნება, განიხილოს შეთანხმების განახლება“, – ნათქვამია განცხადებაში.