ობამა: საქართველოს თავდაცვის გაძლიერებაში უნდა დავეხმაროთ
ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ ნატოს სხვა პარტნიორების, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვას დასახმარებლად იმისთვის, რათა მათი თავდაცვა გაძლიერდეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ესტონეთში, ბალტიისპირეთის პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ობამამ აღნიშნა, რომ ბალტიის ქვეყნებმა მსოფლიოს უჩვენეს, თუ რისი მიღწევაა შესაძლებელი, როდესაც თავისუფალი ხალხი ერთიანდება ცვლილებებისთვის. მისივე თქმით, ნატომ კონკრეტული ვალდებულებები უნდა მიიღოს, რათა დაეხმაროს უკრაინას მოდერნიზებასა და უსაფრთხოების ძალების გაძლიერებაში. “რუსეთის ქმედებები უკრაინაში აზარალებს რუს ხალხს. ჩვენ ვერ მივიღებთ რუსეთის მიერ ყირიმის ან უკრაინის რომელიმე ნაწილის ოკუპაციასა და უკანონო ანექსიას. უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალები ჰუმანიტარული მისიით არ შესულან, ეს რუსული საბრძოლო ძალები არიან რუსული იარაღით და რუსული ტანკებით”, – განაცხადა ბარაკ ობამამ. ესტონეთში ვიზიტით მყოფი ბარაკ ობამა ტალინიდან უელსში გაემგზავრება, სადაც ნატოს სამიტს დაესწრება.