„უმბერტო ეკო – სამყაროს ბიბლიოთეკა” – კინოჩვენება გაიმართება
13 ივლისს, 20:00 საათზე, მწერალთა სახლში დოკუმენტური ფილმის: „უმბერტო ეკო – სამყაროს ბიბლიოთეკა” (რეჟ. დავიდე ფერარიო) წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფილმის პრეზენტაციას გაუძღვება უმბერტო ეკოს რომანების თარგმნისთვის ლიტერატურული პრემია „საბას” ორგზის ლაურეატი ხათუნა ცხადაძე.
ფილმი ეძღვნება იტალიელ მწერალსა და სემიოტიკოსს, ფილოსოფოსსა და იტალიური კულტურის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოაზროვნეს, უმბერტო ეკოს და მის პირად ბიბლიოთეკას, რომელიც 30.000-ზე მეტი თანამედროვე წიგნისა და 1.500 რარიტეტული გამოცემისგან შედგება.
ფილმში, ეკოსთან ერთად, მონაწილეობენ მისი ოჯახის წევრები და მეგობრები, რომლებიც მოგვითხრობენ არა მხოლოდ ამ წიგნებზე, არამედ ბიბლიოთეკის, როგორც „სამყაროს მეხსიერების“, ეკოსეულ კონცეფციაზე.
კინოჩვენება იმართება იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და იტალიის კულტურის სამინისტროს ინიციატივის – იტალიური კინოს მეექვსე მსოფლიო კვირეულის – ფარგლებში.