“მთელი ამერიკა შეშფოთებულია, მართალია, რომ მეუფე შიო მოწამლესო?” – მეუფე ნიკოლოზი
„მთელი ამერიკა შეშფოთებულია, მართალია, რომ მეუფე შიო მოწამლესო? – ეს არის ცრუ ინფორმაცია-მეთქი – „ციანიდის საქმეც“ ასევე არის შეთხზული, ორივე საქმე ხელოვნურია“, – ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„დღეს დილით ამერიკიდან დამირეკეს მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, მთელი ამერიკა შეშფოთებულია, მართალია, რომ მეუფე შიო მოწამლესო? – ეს არის ცრუ ინფორმაცია-მეთქი. ეს ამბავი გავავრცელე ამერიკაში. ეს არის თქვენი, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია. შესაძლოა, მეუფე შიოს სისხლში მართლაც აქვს მომატებული {მეტალები}, შეიძლება მეც მაქვს და არ ვიცი. მინდა გითხრათ, რომ ასეთი ინფორმაციის გავრცელება, შემთხვევითი ამბავი არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ გამოძიების დაწყების მოტივია საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თქვენ გამო დაიწყო გამოძიება. მე რომ ჩავაბარო სისხლი, არ არის გამორიცხული, მეც ასე მქონდეს. ეს მცენარეებიც რომ გასინჯოთ, განსაკუთრებით გზებზე, მათაც ექნებათ მომატებული ტყვიის შემცველობა.
მეუფე შიოს შესახებ ინფორმაციის გავრცელება (ვიღაცის) ინტერესში შედის – „ხე ნაყოფით იცნობება“. იმედია, მობრძანდება მეუფე შიო და ჩაატარებს წირვას. მეუფე შიო მშვენივრად გრძნობს თავს, თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა ის მკვლელი, ვერ მოუწამლავს. ესე იგი, არ არის ის მოწამლული. „ციანიდის საქმეც“ ასევე არის შეთხზული ჟურნალისტების მიერ, სინამდვილეში არანაირი საქმე არ არსებობს. ხელოვნურია ორივე საქმე“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.