ალეკო ელისაშვილი – ნატოს სამიტზე: არაფერი შეაჩეჩეს უკრაინელებს ხელში, ზელენსკი ცდილობს დაარბილოს კუთხეები, მაგრამ აშკარად ეტყობა, ისიც იმედგაცრუებულია
არაფერი შეაჩეჩეს უკრაინელებს ხელში და ახლა ზელენსკი ცდილობს დაარბილოს კუთხეები, მაგრამ აშკარად ეტყობა, ისიც იმედგაცრუებულია, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილი „ღამის კურიერის“ ეთერში ნატოს სამიტის შეფასებისას განაცხადა.
„ძალიან ვგულშემატკივრობ უკრაინელებს და მინდოდა, რომ მათაც რაღაც კონკრეტული ხეირი ჰქონოდათ. არაფერი შეაჩეჩეს უკრაინელებს ხელში და ახლა ზელენსკი ცდილობს დაარბილოს კუთხეები, მაგრამ აშკარად ეტყობა, ისიც იმედგაცრუებულია. მე საქართველოს ამბავი მადარდებდა ყველაზე მეტად, მაგრამ საქართველოსთვის ეს იყო საგარეო პოლიტიკური კრახი და ძალიან დიდი საგარეო პოლიტიკური სირცხვილი „ქართული ოცნებისთვის“. ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვიყოთ, ამის გამო საგარეო საქმეთა მინისტრი დატოვებდა თანამდებობას. მთავარ მაგიდასთან უნდა ყოფილიყო ან პრეზიდენტი, ან პრემიერ-მინისტრი. საგარეო საქმეთა მინისტრი რომ შემოგარენში დასვეს დარაჯებთან და მძღოლებს რომ სუფრას უშლიან ხოლმე, ასე კი არ უნდა ყოფილიყო, ეს იყო სირცხვილი, რაც მოხდა. რატომ? იმიტომ რომ სახლობანას თამაშობს მთელი ეს დრო „ქართული ოცნება“. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილს იქ წასვლის უფლება არ მისცა „ქართულმა ოცნებამ“ და ღარიბაშვილი კი ნატომ არ დაპატიჟა – ეს არის თავის მოჭრა ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ელისაშვილმა.