„შესაძლოა, დადგინდეს, რომ რაღაც ყოფითი შემთხვევა იყო, თუმცა, არ უნდა გამოირიცხოს ჩარევაც, საქმეზე გამოკითხული მხოლოდ მე ვარ“ – ანდრია ჯაღმაიძე მეუფე შიოზე

“მოწამვლა, რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული. ისევ ვსაუბრობთ იმ ტონალობაში, რომ შესაძლოა, საბოლოოდ დადგინდეს, რომ რაღაც ყოფითი შემთხვევა იყო. თუმცა, რაც ხდება და რა თანმიმდევრობითაც ხდება, ყოველ შემთხვევაში არ უნდა გამოირიცხოს ჩარევაც”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის შესახებ.

„ნათქვამი იყო, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობით აღიძვრება საქმე და ამ კუთხით იქნება გამოძიება. გამოკითხული მხოლოდ მე ვარ. ძალიან ზოგადი ინფორმაცია [მივაწოდე გამოძიებას], რაც საჯაროდ ვთქვი, დაახლოებით, მის ირგვლივ ვისაუბრე.

გამოძიების ფარგლებში არ ყოფილან [გამომძიებლები საპატრიარქოში]. ისე, როდესაც ჩვენ კერძოდ გვინდოდა რაღაც გარკვეული ანალიზი გაგვეკეთებინა, მაშინ გვყავდა ექსპერტები“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

კითხვაზე: ჩართული იყო თუ არა სუს-ი, ასევე, იყო თუ არა მისული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზირ ჩუბინიძე საპატრიარქოში, ანდრია ჯაღმაიძე ასე პასუხობს: „დიახ, თანდათან ვაყენებდით საქმის კურსში“.

დეკანოზი მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლაში ჩარევას არ გამორიცხავს.

„მძიმე მეტალები გადაჭარბებული იყო. არ დავასახელებ, ჯერ არ ვიცი სწორად მოვიქცევი, თუ არა რომ დავასახელო, რამდენჯერმე იყო გადაჭარბებული. მოწამვლა, რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული. ისევ ვსაუბრობთ ამ ტონალობაში, რომ შესაძლოა საბოლოოდ დადგინდეს, რომ რაღაც ყოფითი შემთხვევა იყო. თუმცა, რაც ხდება და რა თანმიმდევრობითაც ხდება, ყოველ შემთხვევაში არ უნდა გამოირიცხოს ჩარევაც. ვერ გეტყვით, არაყოფითი შემთხვევა – აი, ამას ვგულისხმობ გარე ჩარევაში. დანარჩენს, როგორ დავადასტურებ, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები