რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი მესამე მსოფლიო ომის მოახლოებას პროგნოზირებს.
ამის შესახებ მან ვილნიუსში ნატოს სამიტის მიმდინარეობის კომენტირებისას “ტელეგრამში” დაწერა.
„კიევის რეჟიმისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა ყველაფრით, რაც შესაძლებელია: რაკეტებით, კასეტური ბომბებით, თვითმფრინავები. სრულიად შეშლილი დასავლეთი სხვა ვერაფერს მოიფიქრებდა. უმაღლესი დონის პროგნოზირებადობა – იდიოტობამდე. სინამდვილეში, ეს არის ჩიხი. მესამე მსოფლიო ომი სულ უფრო ახლოვდება“, – წერს მედვედევი.
მისი აზრით, ნატოში უკრაინის გაწევრება, დიდი ალბათობით, არასოდეს მოხდება.
„ნატოში ნომერ 404 ქვეყნის მოწვევა. მაგრამ მიიღებენ – უცნობია, როდის და რა პირობებით. სავსებით შესაძლებელია – არასდროს. და ეს არის ის, რისი თქმაც ალიანსში რეალისტებს ეშინიათ”,- მიიჩნევს მედვედევი.
ამავდროულად, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ალიანსმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, არ გამოიყენოს უკრაინისთვის მაპ-ის პროცედურა.
„რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩვენთვის? ყველაფერი აშკარაა. სპეციალური სამხედრო ოპერაცია იმავე მიზნებით გაგრძელდება“, – განაცხადა მან.