თეა წულუკიანი ხონის სალოტბარო სკოლას ესტუმრა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი სალოტბარო სკოლებში ვიზიტს განაგრძობს. ამჯერად, მინისტრი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხონის სალოტბარო სკოლას ესტუმრა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებსა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნიასთან ერთად გაეცნო სკოლის საქმიანობასა და საჭიროებებს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანი შეხვდა სალოტბარო სკოლის ლოტბარ-რეგენტ დავით კახიძეს და სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებას გაეცნო. მინისტრმა მადლობა გადაუხადა რეგენტს გაწეული საქმიანობისა და რეგიონში ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციისთვის. აღნიშნა, რომ კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ ქართული ფოლკლორის მხარდაჭერა და ამ დარგის განვითარებაა. ამ მიზნით დაგეგმილია წლის ბოლომდე ყველა სალოტბარო სკოლის მონახულება და მათი საჭიროებების გაცნობა. მინისტრი უკვე ესტუმრა მესტიის, ლენტეხის, ამბროლაურის, ონისა და სამტრედიის სალოტბარო სკოლებს.
ხონის სამუსიკო სკოლაში სალოტბარო სკოლა 2019 წელს კულტურის სამინისტროსა და ფოლკლორის ცენტრის მხარდაჭერით გაიხსნა. სალოტბარო სკოლაში ჩარიცხული 30 მოსწავლე უსასყიდლოდ სწავლობს ქართულ ტრადიციულ გალობასა და ხალხურ სიმღერას.
სალოტბარო სკოლების გახსნის იდეა დიდ ქართველ მოღვაწეს, ლოტბარსა და კომპოზიტორს, ანზორ ერქომაიშვილს, ეკუთვნის. დღეისთვის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელობით ქვეყანაში 30 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, რომლებშიც ახალგაზრდები უსასყიდლოდ სწავლობენ ქართულ გალობას, საკრავებზე დაკვრასა და ხალხურ სიმღერას.