ზაზა შათირიშვილი: მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულების კიდევ ერთი მაგალითი იყო „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ მიერ ნიკა გვარამიას დაჯილდოება იმისათვის, რომ მან „მთავრობის მხრიდან ზეწოლას გაუძლო“

“მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულების კიდევ ერთი მაგალითი იყო „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ მიერ ნიკა გვარამიას დაჯილდოება იმისათვის, რომ მან „მთავრობის მხრიდან ზეწოლას გაუძლო”,- ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, გვარამია იყო იმ ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი სახე, რომელმაც ყველა რეიტინგული ტელევიზია ყაჩაღურად მიიტაცა და ქართულ მედიაში სრული სახელისუფლო მონოპოლია დაამყარა.

“რამდენიმე დღის წინ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, ამერიკაში თავისუფალი მედია არ არსებობსო. ტრამპის ამ განცხადების საფუძვლიანობა უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდება. მაგალითად, ორი ყველაზე ცნობილი ამერიკული ტელეარხის – ლიბერალური „CNN-ისა“ და კონსერვატიული „ფოქსის“ უმსხვილესი აქციონერი ერთი და იგივე კომპანია, ჩემს მიერ ხშირად ნახსენები „ვანგარდია“, რომელიც, თავის მხრივ, ოლიგარქიული ოჯახების საკუთრებაა. ასეთ პირობებში, ამერიკაში სატელევიზიო მედიის თავისუფლებაზე ლაპარაკი, ბუნებრივია, ზედმეტია. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკელი ტელეწამყვანი, ტაკერ კარლსონი მაშინვე გამოაგდეს „ფოქსიდან“, როგორც კი მან წითელი ხაზები გადაკვეთა და ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას მწვავედ დაუპირისპირდა.
ყველას გვახსოვს, როგორ დაიბლოკა თავის დროზე დონალდ ტრამპის „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ ანგარიშები. “ფეისბუქიც” და „ინსტრაგრამიც“ ეკუთვნის კომპანია „მეტას“, რომლის უმსხვილესი აქციონერები არიან იგივე „ვანგარდი“, აგრეთვე „ფიდელიტი და „ბლექროკი“, რომლებიც ასევე ოლიგარქიულ ოჯახებს ეკუთვნის. ასეთ პირობებში, ცხადია, რომ ოლიგარქიული ოჯახები ზუსტად ისევე სრულად აკონტროლებენ სოციალურ მედიას, როგორც ამერიკულ ტელევიზიებს.
ანალოგიური ვითარებაა ევროპაშიც, სადაც თავისუფალი მედია არ არსებობს და მედიასაშუალებები, იგივე ინსტრუმენტების გამოყენებით, ერთი ხელიდან იმართება. ყველას გვახსოვს, როგორ თავისუფლად უბეჭდავდნენ ბიძინა ივანიშვილს ევროპაში ყველა სტატიას, რომელიც ბანკის რეპუტაციას აზიანებდა და როგორ იბლოკებოდა ყველა ის სტატია, რომელიც ბანკის მენეჯმენტის რეპუტაციისთვის იყო დამაზიანებელი. ამას ჰქონდა მარტივი ახსნა – ოლიგარქიული ოჯახების ინტერესებში იყო ბანკის დაზიანება და მისი აქციების ფასის შემცირება, მაგრამ არა ბანკის მენეჯმენტის რეპუტაციული დაზიანება, რომელიც მათ მიერ არის დანიშნული.
მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულების კიდევ ერთი მაგალითი იყო „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ მიერ ნიკა გვარამიას დაჯილდოება იმისათვის, რომ მან, როგორც ოფიციალურ ტექსტშია ნათქვამი, „მთავრობის მხრიდან ზეწოლას გაუძლო“. ტელეკომპანია „რუსთავი 2-ისგან“ 7 მილიონის მიმთვისებლისა და პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი მედიაზონდერის დაჯილდოება აჩვენებს, როგორ ესმით მსოფლიო მედიამონოპოლიის მფლობელებს მედიის თავისუფლება. მათთვის მედია არის რადიკალიზმის გაღვივებისა და აგენტოკრატიის დამყარების ინსტრუმენტი, რომლის მთავარი იარაღი სიცრუე და შეურაცხყოფაა. მათთვის სიტყვის თავისუფლება არის ცრუ და ბილწი სიტყვის თავისუფლება, რაც ნიკა გვარამიაში საუკეთესოდ არის განსხეულებული.
იმასაც შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია 2007 წელს ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და მთავარი „გამპრავებელი“ იყო. გვარამია იყო იმ ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი სახე, რომელმაც ყველა რეიტინგული ტელევიზია ყაჩაღურად მიიტაცა და ქართულ მედიაში სრული სახელისუფლო მონოპოლია დაამყარა. ეს არის იმ ძალების ხელწერა, რომლებმაც ანალოგიური მონოპოლია ამერიკისა და ევროპის მასშტაბით დაამყარეს და საქართველოშიც საკუთარ აგენტურას იგივე დაკვეთა მისცეს.
მედიის თავისუფლების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის კიდევ ერთი დასტურია „ფეისბუქის“ მიერ მთელი ერთი კვირით ტელეკომპანია „იმედის“ ფეისბუქგვერდის პარალიზება. როგორც უკვე ითქვა, „ფეისბუქის“ მთავარი აქციონერები ოლიგარქიული ოჯახების კომპანიები – „ვანგარდი“, „ფიდელიტი“ და „ბლექროკი“ არიან, რომელთა შესახებ „იმედი“ ხშირად ავრცელებს მასალებს. გასაკვირი არაა, რომ ოლიგარქიული ოჯახები ამით გაღიზიანდნენ და ცენზურის მანქანა აამოქმედეს. ანუ ცენზურა, რომელსაც საქართველოში ნაცმოძრაობა 2012 წლამდე იგივე ძალების დაკვეთით ამუშავებდა, 2023 წელს ქვეყნის გარედან დაგვიბრუნეს.
ამერიკასა და ევროპაში მედიის თავისუფლებას ჩვენ ვერ აღვადგენთ, თუმცა, საკუთარ ქვეყანაში მედიის თავისუფლების უზრუნველსაყოფად და ცენზურის არდასაშვებად ყველა სამართლებრივი ინსტრუმენტი უნდა ავამოქმედოთ”,- აცხადებს ფილოსოფოსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები