ილია დარჩიაშვილი: ვილნიუსის სამიტი ცალსახად იქნება ძლიერი იმპულსი, საქართველო გააგრძელებს პროგრესირებად ინტეგრაციას ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით

„ვილნიუსის სამიტი ცალსახად იქნება ძლიერი იმპულსი ნატო-საქართველოს ურთიერთობების გზაზე და საქართველო გააგრძელებს პროგრესირებად ინტეგრაციას საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით“, – ამის შესახებ ვილნიუსში ნატოს სამიტზე ვიზიტით მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვილნიუსის სამიტზე, საქართველომ მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო.

„ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო მინისტერიალი ნატოს ფარგლებში. ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო საქართველომ პარტნიორებისგან. როგორც ცნობილია და იცის ჩვენმა მოსახლეობამ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ჩვენი მთავარი საგარეო პრიორიტეტი. შესაბამისად, დღეს, ვილნიუსის სამიტზე კიდევ ერთხელ იქნა ხაზგასმული, რომ საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა აქვს ნატოელი პარტნიორებისგან.

ძალიან ძლიერი მხარდაჭერაა გამოხატული ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მისამართით და ეს თავად დასკვნითი დოკუმენტის ჩანაწერშიც კარგად ჩანს“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია რომ ვილნიუსის სამიტის დეკლარაციაში ხაზგასმულია საქართველოსთან მიმართებაში ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რაც დამატებით იმპულსს გვაძლევს ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციის გზაზე შემდგომი პროგრესისთვის.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს ნატოში შემდგომი პროგრესული ინტეგრაციისთვის.

მინისტრის თქმით, სამიტის დეკლარაციაში მაღალ დონეზეა შეფასებული საქართველოს ძალისხმევა და ჩვენი ქვეყნის წვლილი გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე შეაფასა ალიანსის მხრიდან უკრაინის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა ამ მხრივ ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომელმაც კიდევ ერთხელ დაუდასტურა ომში მყოფ უკრაინას ძლიერი მხარდაჭერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები