ნატოს სამიტის კომუნიკე: ვიმეორებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, საქართველო გახდება ალიანსის წევრი MAP-ით, როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილით

ჩვენ ვიმეორებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმით (MAP), როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილი, – ამის შესახებ ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერების მიერ გამოქვეყნებულ კომუნიკეშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმებში, მათ შორის საკვანძო დემოკრატიულ რეფორმებში და მაქსიმალურად გამოიყენოს წლიური ეროვნული პროგრამა.

„ჩვენ ვიმეორებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ჩვენს მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უფლებას გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკური კურსი გარე ჩარევისგან დამოუკიდებლად. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ის ძალები, რომელიც მან საქართველოს თანხმობის გარეშე განათავსა საქართველოში. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება, შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათი იძულებით გამოყოფის მცდელობები დანარჩენი საქართველოსგან საზღვრის მსგავსი დაბრკოლებების აგებით და შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა, მათ შორის თვითნებური დაკავება და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება.

ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს არსებით წვლილს ნატოს ოპერაციებში, რაც ადასტურებს მის ერთგულებასა და შესაძლებლობებს წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ჩვენ მზად ვართ, სრულად გამოვიყენოთ ნატო-საქართველოს კომისია და წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. ჩვენ ვიმეორებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმით (MAP), როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილით. ჩვენ ვიმეორებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ისევე როგორც შემდგომ გადაწყვეტილებებს.

ჩვენ მივესალმებით ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს, მათ შორის კრიზისების მართვაში, კიბერუსაფრთხოებაში, სამხედრო ინჟინერიასა და უსაფრთხო კომუნიკაციებში, ასევე ახალ ინიციატივებს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული თავდაცვის სფეროებში. ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმებში, მათ შორის საკვანძო დემოკრატიულ რეფორმებში და მაქსიმალურად გამოიყენოს წლიური ეროვნული პროგრამა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები