“როდესაც უკრაინის საკითხი გადაწყდება და ომის გეოპოლიტიკური შედეგები შეჯამდება, დარწმუნებული ვარ, აქედან თავის ბენეფიტს საქართველოც მიიღებს” – ბექა დავითულიანი
„პოლიტიკურ გადაწყვეტილებას თავისი რისკები აქვს, სწორედ ამიტომ, პარტნიორები იზღვევენ თავს და სანამ ეს გადაწყვეტილება კარზე არ იქნება მომდგარი, აფიშირება არ ხდება, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ომის შემდეგ, როდესაც უსაფრთხოების ახალი კონცეფციის დალაგება მოხდება, ვიქნებით იმ ჯგუფის ნაწილი, რომელიც დასავლური უსაფრთხოების არქიტექტურაში მიიღებს მონაწილეობას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” წევრმა, ბექა დავითულიანმა ნატოს სამიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
„პოლიტიკურ გადაწყვეტილებას თავისი რისკები აქვს, სწორედ ამიტომ, პარტნიორები იზღვევენ თავს და სანამ ეს გადაწყვეტილება კარზე არ იქნება მომდგარი, აფიშირება არ ხდება. რისკებში ვგულისხმობთ იმას, რაც აგვისტოს ომის წინ მოხდა, როდესაც ჩვენი საკითხი დადგა, აღმოჩნდა, რომ მაპ-ი არ მოგვანიჭეს, რუსეთმა ეს სიგნალად მიიღო და შემოიჭრა საქართველოში. როდესაც პოლიტიკური უნარი ექნება, რომ ამ რისკზე წავიდეს და მიხვდება, რომ ეს უსაფრთხოებას როგორც ჩვენი ქვეყნისას, ისე რეგიონისას, არ დააზიანებს, ალბათ, მაშინ მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ ამისთვის სულ უნდა ვემზადოთ, დღესაც მზად ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ომის შემდეგ, როდესაც გეოპოლიტიკის გადალაგება და უსაფრთხოების ახალი კონცეფციის დალაგება მოხდება, ვიქნებით იმ ჯგუფის ნაწილი, რომელიც დასავლური უსაფრთხოების არქიტექტურაში მიიღებს მონაწილეობას”,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.
დავითულიანი ფიქრობს, რომ როდესაც ომის გეოპოლიტიკური შედეგები შეჯამდება, თავის ბენეფიტს საქართველოც მიიღებს.
„საქართველოს უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ დადგება დრო, როდესაც ნატოში გაწევრიანდება. საქართველო ამისთვის მზადაა და იმედია, ჩვენი პარტნიორებიც ნატოდან მალე იქნებიან ამისთვის მზად. ჩვენ უნდა დაველოდოთ ამ დროს, მანამდე კი შევინარჩუნოთ მშვიდობა. უკრაინა ომის პროცესშია და იმედი მაქვს, რომ ნამდვილად, უკრაინას ადრე თუ გვიან მიენიჭება ნატოს სტატუსი. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სამიტი. ვფიქრობ, რაღაც დაპირება გაცემული იქნება. ჩვენთან დაკავშირებით არის ჩანაწერი, რომ საქართველო ადრე თუ გვიან აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. მას შემდეგ ყოველი სამიტი გვიდასტურებს ამ დაპირებას. დღეს უკრაინაა აქტუალური ნატოსთვის და მთლიანად დასავლური ცივილიზებული სამყაროსთვის, რადგან უკრაინაში ძალიან მძიმე ამბები ტრიალებს. შესაბამისად, უკრაინის საკითხი დღეს უფრო აქტუალურია. როდესაც უკრაინის საკითხის გადაწყვეტა მოხდება და ამ ომის გეოპოლიტიკური შედეგები შეჯამდება, დარწმუნებული ვარ, აქედან საქართველოც მიიღებს თავის ბენეფიტს”, – განაცხადა დავითულიანმა.