თეა წულუკიანი ფრანკოფონიისა და კულტურათაშორისი დიალოგის ორდენით დაჯილდოვდა
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ფარგლებში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ფრანსის დრუენმა ფრანკოფონიისა და კულტურათაშორისი დიალოგის ორდენი „პლეადა“ გადასცა: საქართველოს ვიცე-პრემიერს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს, დავით სონღულაშვილსა და ღვაწლმოსილ პროფესორს, მზაღო დოხტურიშვილს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
6 ივლისს ორდენი „პლეადა“ გადაეცათ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
„პლეადა“, ფრანკოფონიისა და კულტურათაშორისი დიალოგის ორდენი, დაწესდა ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, 1976 წლის 30 აპრილს, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის (APF) მეშვიდე პლენარულ სესიაზე. ეს არის საერთაშორისო მასშტაბის ჯილდო, რომლის მიზანია აღნიშნოს იმ პიროვნებათა დამსახურება, რომლებმაც თავი გამოიჩინეს ფრანკოფონიის იდეალების სამსახურში.
ამ ორდენით უკვე დაჯილდოვდა არაერთი ადამიანი მსოფლიოში. მათ შორის იყვნენ სახელმწიფოთა მეთაურები, პოლიტიკური მოღვაწეები, მწერლები, მეცნიერები, სამოქალაქო საზოგადოების, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები. „პლეადა“ ერთადერთი ორდენი და პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოა, რომელსაც ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა გადასცემს.
ორდენის სიგელი იმეორებს ყოფილი პარლამენტარის, სენეგალის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, ენათმეცნიერისა და პოეტის, საფრანგეთის აკადემიის წევრის, ლეოპოლდ სედარ სენგორის სიტყვებს: „ფრანგული ენის სიტყვები ათასფრად ანათებს, როგორც პლეადის ვარსკვლავები“.