ლეგენდარული „სუხიშვილების“ სამხატვრო ხელმძღვანელს – თენგიზ სუხიშვილს 85 წელი შეუსრულდებოდა

დღეს ლეგენდარული „სუხიშვილების“ სამხატვრო ხელმძღვანელს – თენგიზ სუხიშვილს 85 წელი შეუსრულდებოდა. კულტურის სამინისტრო დიდ პატივს მიაგებს თენგიზ სუხიშვილის ხსოვნას და მის მიერ ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს.
„1938 წლის 8 ივლისს თბილისში, ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის ოჯახში, დაიბადა თენგიზ სუხიშვილი – მოცეკვავე, ქორეოგრაფი, საქართველოს სახალხო არტისტი და თბილისის საპატიო მოქალაქე.
თენგიზ სუხიშვილი 1953 წლიდან საქართველოს ქართული ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის წამყვანი სოლისტი; 1969 წლიდან ანსამბლის ქორეოგრაფი; 1958 წლიდან კი სამხატვრო ხელმძღვანელი იყო ნინო რამიშვილთან ერთად.
დაუვიწყარია თენგიზ სუხიშვილის მიერ შესრულებული სოლო ცერებზე, რომელსაც მსოფლიო ცეკვის კრიტიკოსებმა ღვთაებრივი უწოდეს. განსაკუთრებულია თენგიზ სუხიშვილის სოლო პარტიები ცეკვებში „სიმდი“, „ქაჯეთის აღება“, „ხონგა“, „ხევსურული“, „შეჯიბრი“ და სხვა. მნიშვნელოვანი დადგმებია: „ხონგა“, „მხედრული“, „მთიულური“, „შეჯიბრი“, „გამარჯვება“, „ანანური“.
მრავალმხრივია მისი მოღვაწეობა და მიღწევები. იგი გახლდათ ქართული ნაციონალური ბალეტის დირექტორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1971); ხალხთა მეგობრობისა (1982) და ღირსების ორდენოსანი (1995), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1995); თბილისის საპატიო მოქალაქე (1999); რუსთაველის პრემიის მიმნიჭებელი კომიტეტის წევრი (1993); ასევე – საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე (1992), ფოლკლორის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს განყოფილების პრეზიდენტი“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები