“ევროპული სტრუქტურების მხრიდან შემოსადავებელ სივრცეს არ ვტოვებთ” – ანრი ოხანაშვილი
„იმის წარმოჩენა, თითქოს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად არაფერი გაკეთებულა, იმაზე მიანიშნებს, რომ კონკრეტულ პირებსა და ჯგუფებს არა აქვთ სურვილი იმისა, საქართველოს სტატუსი ჰქონდეს, ასეთ განცხადებებსა და დამოკიდებულებას მომავალი თაობები შეაფასებს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.
“გულდასაწყვეტი და შემაშფოთებელია განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ, ერთი მხრივ, უცხო ქვეყნის სახელმწიფოების წარმომადგენლებისგან, ასევე, შიდა პოლიტიკური ჯგუფებისგან. ეს არის ერთგვარი ულტიმატუმი და მუქარა, რომ შესაძლებელია კონკრეტული ქვეყანა კონკრეტული გარემოებიდან გამომდინარე იქნეს გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იქნეს მიღებული.
ჩვენ ევროპული სტრუქტურების მხრიდან შემოსადავებელ სივრცეს არ ვტოვებთ. მათი შეფასებითა და ინდიკატორებით საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება ჯერ კიდევ მაშინ ეკუთვნოდა, ვიდრე ჩვენ სამუშაო ჯგუფებში მუშაობას დავიწყებდით”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.