ირაკლი ქადაგიშვილი: ხაბეიშვილის საქმიანობა მიმართულია დაძაბულობის კერების შექმნისკენ, რაც პოლარიზაციის სურათის წარმოჩენას ემსახურება

ხაბეიშვილის საქმიანობა მიმართულია დაძაბულობის კერების შექმნისკენ, რაც პოლარიზაციის სურათის წარმოჩენას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

უმრავლესობის დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილს მოუწოდებს, პროვოკაციების მოწყობისგან თავი შეიკავოს.

„ყოველგვარი ექსცესი, რომელიც წარმოიშობა, ხელისუფლების ინტერესში არ შედის, რადგან ეს ხელს უწყობს შუღლისა და დაპირისპირების გაღვივებას. შემდგომში ეს გამოიყენება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელ ფაქტორად, როგორც პოლარიზაციის არგუმენტად. ამაში ხელისუფლება დაინტერესებული არ არის. ხაბეიშვილის საქმიანობისა და პოლიტიკური არტიკულაციის სტილი მიმართულია იმისკენ, რომ კონფლიქტის, დაძაბულობის კერები შექმნას, რაც პოლარიზაციის სურათის წარმოჩენას ემსახურება. ხაბეიშვილის პარტიის თავმჯდომარედ მოყვანის მიზანი იყო, მელიასგან განსხვავებით, მრავალი პროვოკაცია განეხორციელებინა. მოვუწოდებ, პროვოკაციებისგან თავი შეიკავოს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს საგარეჯოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილსა და პარტიის წევრებს ადგილობრივები დაუპირისპირდნენ.
ერთი კვირის წინ ლევან ხაბეიშვილის მოქალაქეებთან შეხვედრას დაპირისპირება მოჰყვა კასპშიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები