დავით სონღულაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ისაუბრა

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში კომიტეტების სხდომები მიმდინარეობს.

პარლამენტის ინფორმაციით, პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა.

„ჩვენი ქვეყნის მტკიცე და ისტორიული არჩევანი არის ევროკავშირი და ნატო! და მე იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენს მიერ ამ მიმართულებით გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები სათანადოდ იქნება აღქმული და დაფასებული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – განაცხადა მან.

სონღულაშვილმა ისაუბრა საქართველოს მისწრაფებებზე – გახდეს და დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი ევროპულ ოჯახში.

საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში არსებულ რთულ ვითარებაზე და უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე.

„რუსულმა სრულმასშტაბიანმა ომმა საერთოდ შეცვალა საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგი. ამ ყველაფერმა გავლენა მოახდინა ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებაზე, განსაკუთრებით საქართველოზე, რომლის ტერიტორიების 20%-ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ასეთი გამწვავებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ჩვენ არცერთი წუთით არ შეგვწყვეტია მუშაობა ევროპისკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფრანკოფონურ სივრცეში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელეს. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრმა, გიორგი კახიანმა საქართველოს მაგალითზე, საპრეზიდენტო მოდელიდან საპარლამენტო მოდელზე გადასვლის პროცესი მიმოიხილა.

„ბოლო 30 წლის განმავლობაში, ქართულმა მმართველობის სისტემამ გრძელი გზა განვლო, საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკამდე, ამ პერიოდში ოთხჯერ განხორციელდა კონსტიტუციური რეფორმა, რომლის შედეგად, დღეს საქართველო კლასიკური საპარლამენტო ტიპის ქვეყანაა. ყოველი კონსტიტუციური რეფორმა თანმხლები იყო არცთუ ისე მარტივი პოლიტიკური პროცესებით და მე ვიტყოდი, რომ დღეს საქართველოში, პოლიტიკური ჯგუფების უმრავლესობა სწორედ საპარლამენტო რესპუბლიკის არსებობას უჭერს მხარს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

სხდომის ფარგლებში განსახილველ საკითხებს წარმოადგენდა მულტილატერალიზმის როლი დემოკრატიისა და მშვიდობის ხელშეწყობაში; კიბერუსაფრთხოება და საარჩევნო პროცესში ჩარევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები