ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა.

ცესკოს ინფორმაციით, კონფერენცია თემაზე „საარჩევნო პროცესების გაციფრულება – კიბერუსაფრთხოებისა და ინსტიტუციური თანამშრომლობის პერსპექტივები“ ალბანეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის, დემოკრატიისა და არჩევნების ხელშეწყობის საერთაშორისო ინსტიტუტის (International IDEA) და ფინეთის სამართლის უზენაესობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიება ალბანეთის ცესკოს თავმჯდომარე ილირიან ცელიბაშმა, დემოკრატიისა და არჩევნების ხელშეწყობის საერთაშორისო ინსტიტუტის (International IDEA) დირექტორ სემ ვან დერ სტაკთან, ალბანეთში ევროკავშირის დელეგაციის ოფიცერ ალექსანდარ რომანოვიჩთან და ფინეთის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელ ნიკოლას ვილჰელმსონთან ერთად გახსნა.

კონფერენციის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაზე, მიღწევებზე და არსებულ გამოწვევებზე დეტალურად ისაუბრა. თავის გამოსვლაში მან ყურადღება იმ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ინტერვენციაზეც გაამახვილა, რომელიც ადმინისტრაციამ 2018 წლიდან 2023 წლამდე ეტაპობრივად განახორციელა. ასევე დეტალურად ისაუბრა 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებზე.

ორი დღის განმავლობაში მომხსენებლებმა საარჩევნო პროცესების გაციფრულების მიმართულებით მათ ქვეყნებში არსებულ გამოცდილებაზე და ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით არსებულ პრაქტიკაზე იმსჯელეს. მათ შორის, ღონისძიების მონაწილე ქვეყნებში ფართოდ გამოყენებულ საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებზე, რაც არჩევნების შედეგების გადაცემის სისტემებს, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და შედეგების დათვლის ტექნოლოგიებს უკავშირდება.

მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ კონფერენციას საქართველოსთან ერთად დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე ექსპერტები ესწრებოდნენ.
ღონისძიება პროექტის „ალბანეთის არჩევნების მთლიანობა და სანდოობა: პოლიტიკური ფინანსური გამჭვირვალობისა და ინფორმაციის უსაფრთხო გამოყენების ხელშეწყობა საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით“ ფარგლებში, მიმდინარე წლის 4-5 ივლისს, ალბანეთის დედაქალაქ, ტირანაში გაიმართა. საერთაშორისო კონფერენციას ცესკოს თავმჯდომარე ალბანეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიწვევით ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები