ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი სპექტაკლით „ავი მუსაიფი“ გაიხსნა
ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ,თეატრის დიდ სცენაზე მაყურებელმა ნოდარ მაჭარაშვილის – ნოდარ დუმბაძის შვილიშვილის, რომანის მიხედვით დადგმული სპექტაკლი ,,ავი მუსაიფი“ იხილა, რომლის რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია.
ფესტივალის გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და თეატრის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
სპექტაკლის შემდეგ კი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ და ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ „ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის“ დაფუძნების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
„დოკუმენტის თანახმად, ამიერიდან, ფესტივალი ორ წელიწადში ერთხელ ქალაქ ოზურგეთში ჩატარდება და მასში მონაწილეობა შეეძლებათ საქართველოსა და უცხო ქვეყნების პროფესიულ თეატრალურ დასებს/თეატრებს, სხვადასხვა რეგიონის კულტურის სახლებთან ან სხვა გაერთიანებებთან არსებულ სამოყვარულო/სახალხო თეატრებს/დასებს, ასევე დამოუკიდებელ იურიდიულ პირად რეგისტრირებულ სამოყვარულო ან სახალხო თეატრებსა და დასებს; ფესტივალის დებულებით განსაზღვრულ სხვა სუბიექტებს. თავის მხრივ კი, სამინისტრო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია ფესტივალის საორგანიზაციო, ლოგისტიკურ თუ სხვა ხარჯებს დააფინანსებენ.
ამგვარად, ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი უფრო მასშტაბური გახდება, ამასთან ხელი შეეწყობა საქართველოსა და მის რეგიონებში თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციასა და შემოქმედებითი, თეატრალური პროცესების გააქტიურებას; საქართველოსა და უცხო ქვეყნების პროფესიული თეატრალური დასების/თეატრების, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი სამოყვარულო/სახალხო თეატრების/დასების ქართულ თეატრალურ სივრცეში ინტეგრაციას; ასევე, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში კულტურულ-შემოქმედებითი პროცესების წახალისებას“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წელს ფესტივალი ნოდარ დუმბაძის 95 და ოზურგეთის თეატრის 155 წლის იუბილეებს ეძღვნება.
ნოდარ მაჭარაშვილის ისტორიული რომანი „ავი მუსაიფი“ ქართველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და ტრაგიკული ბედის მქონე მეფის, ერეკლე II-ის, ცხოვრებასა და იმ პოლიტიკურად რთულ ეპოქას ეხება, რომელშიც მას მოუწია ცხოვრება. სპექტაკლი ამ ისტორიული რომანის ქართული თეატრის სცენაზე დადგმის პირველი მცდელობაა. სცენაზე წარმოგვიდგება ერეკლე II-ის ეპოქის ისტორიული პერიპეტიები, რომლებშიც, გარკვეულწილად, ირეკლება თანამედროვე საქართველოს სინამდვილეც; აქაა სიყვარული და სიძულვილი, ერთგულება და ღალატი, იმედგაცრუება და რწმენა, ომი, ბრძოლა და ინტრიგები, სამშობლოსთვის თავდადება, ზნეობა და მარადიული ფასეულობები; წარმოდგენა გათვლილია როგორც მოზარდ მაყურებელზე (13 წლიდან), ისე უფროსი ასაკის აუდიტორიაზე.
ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორია დიმიტრი ხვთისიაშვილი; მხატვარი – ბარბარა ასლამაზიშვილი; კომპოზიტორი – დავით თავაძე; ქორეოგრაფი – გია მარღანია; სასცენო ბრძოლა და ქართული ცეკვის შესახებ კონსულტაცია – მურო გაგოშიძე; მუსიკალური გამფორმებელი – ზურაბ გაგლოშვილი. მონაწილეობენ მსახიობები: ნიკოლოზ ფაიქრიძე, დავით ხახიძე, თამარ მამულაშვილი, თამარ ჭანუყვაძე, გიორგი ჯიურიძე, რატი გოგუაძე, ვახტანგ ნოზაძე, გიორგი კაჭახიძე, მერაბ შარიქაძე, მარიამ ჩუხრუკიძე, ხატია მელქაძე, ეკატერინე ქუთათელაძე, გიორგი შავგულიძე, ნინო ლორთქიფანიძე, ვანო დუგლაძე, დავით როსტომაშვილი, ზურაბ ავსაჯანიშვილი, გიორგი ოქრუაშვილი, ვამეხ ჯანგიძე, ზურაბ არუსია, თამარ ტყემალაძე, თამარ ცქვიტინიძე, ნინო არჩაია, კახაბერ ჭოლაძე.
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს 5-15 ივლისს მასპინძლობს. ფესტივალი განსაკუთრებულად მრავალფეროვანი პროგრამით, ქართული მწერლობის საოცარი ნიმუშებით იქნება გამორჩეული. ათი დღის განმავლობაში ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამ სივრცეს უცხოეთის შვიდი თეატრი რვა სპექტაკლით, ხოლო 18 ქართული თეატრი 18 სპექტაკლით დაიკავებს.
ფესტივალზე მაყურებელი ასევე იხილავს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებსა და ქართველი კლასიკოსი მწერლების (არა დრამატურგების) პროზაულ ნაწარმოებებზე შექმნილ 26 სპექტაკლს დევიზით – ,,ნოდარ დუმბაძე – ქართული მწერლობა“. ფესტივალზე ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი პორტუგალიის ქ. ბრაგის თეატრალურ კომპანიასთან ერთად შექმნილ სპექტაკლს – ,,ცის კარი“ – წარმოადგენს. ნოდარ დუმბაძის მშობლიურ მხარეში, ჩოხატაურის კულტურის სასახლეში კი მწერლის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული ხუთი სპექტაკლი იქნება ნაჩვენები.
„მნიშვნელოვანია, რომ წელსაც ფესტივალში მონაწილეობს ხერსონის აკადემიური მუსიკალურ-დრამატული თეატრი უკრაინიდან, ასევე თეატრალური დასები აზერბაიჯანიდან, ესპანეთიდან, უზბეკეთიდან, პორტუგალიიდან, ხოლო ორი თეატრი ყაზახეთიდან; გაიმართება ევრაზიის თეატრალური ასოციაციის (ETA) დამფუძნებელი ქვეყნების სამიტი.
ფესტივალის ჟიური წელს საერთაშორისო წარმომადგენლობით დაკომპლექტდება და, განსხვავებით წინა ფესტივალისგან, მისი წევრები იქნებიან მწერლები, თეატრმცოდნეები, რეჟისორები, მსახიობები. იქნება საინტერესო ნომინაციებიც: ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების საუკეთესო ინტერპრეტაცია, ქართული პროზის საუკეთესო ინტერპრეტაცია, საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი, საუკეთესო სცენოგრაფია, გამოვლინდება საუკეთესო მსახიობი ქალი, საუკეთესო მსახიობი კაცი და მთავარი გრან-პრი – ,,საუკეთესო სპექტაკლი“, რომელშიც გამარჯვებულს გადაეცემა 10 000 ლარი. პრიზი ფესტივალის ოქროს სპონსორმა „სმარტ კაპიტალ ჯგუფმა“ დააწესა. საგულისხმოა, რომ კონკურსში მასპინძელი თეატრი არ მონაწილეობს.
ფესტივალის ფარგლებში, ტრადიციულად, 14 ივლისს, ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეს, მწერლის მშობლიურ მხარეში გაიმართება ნოდარ დუმბაძის 95 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო და წიგნების პრეზენტაცია (ავტორები: დიმიტრი ხვთისიაშვილი, ქეთევან დუმბაძე); 19:00 საათზე კი ჩოხატაურის კულტურის სასახლეში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული სახალხო თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს ,,ინტერვიუ სარკეში“ (რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი).
ფესტივალი საზეიმოდ 15 ივლისს დაიხურება. 18:00 საათზე, ოზურგეთის თეატრის ფოიეში წიგნ-ალბომების: „ბეჟან ნაკაიძე“, „ამირან ქადეიშვილი“, „დონ კიხოტი ოზურგეთიდან – ვასილ ჩიგოგიძე“ და „ნოდარ დუმბაძე ქართულ სცენაზე“ პრეზენტაციები, ხოლო 19:00 საათზე, ოზურგეთის თეატრის 155-ე საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო, მონაწილეების დაჯილდოება და ფესტივალის საზეიმო დახურვა გაიმართება.
წელს ფესტივალის ასეთი მასშტაბურობა ორმა ფაქტორმა განაპირობა, კერძოდ, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ინფრასტრუქტურამ, რომლის მასშტაბური რეაბილიტაციაც ფონდ ,,ქართუს“ ინიციატივითა და პატრონაჟით განხორციელდა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერამ.
ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული თანამედროვე და კლასიკური მწერლობის პოპულარიზაციას, შეიტანოს გარკვეული წვლილი პროზაული ნაწარმოებების (რომანი, მოთხრობა, ნოველა) ინსცენირების ტრადიციების განვითარების საქმეში, მხარი დაუჭიროს ქართული კლასიკოსი მწერლის, ნოდარ დუმბაძის, სახელის უკვდავყოფას, გამოაცოცხლოს კულტურული ცხოვრება და ხელი შეუწყოს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას გურიაში.
ფესტივალის დამფუძნებლები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.