ირაკლი ნადარეიშვილი: კაპიტალის ბაზრის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი და ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი სტრუქტურული რეფორმაა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის” ოფიციალურ დასკვნით ღონისძიებაში, რომელიც მიზნად ისახავდა კაპიტალის ბაზარზე კორპორაციული ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხელშეწყობის ინსტრუმენტების დანერგვას.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ევროკავშირის ფინანსური დახმარებით განახორციელა, უშუალოდ საკონსულტაციო სამუშაოები კი Galt & Taggart-მა და BDO Georgia-მ ჩაატარეს. 18-თვიანი პროგრამის შედეგად 7-მა კომპანიამ ჯამურად 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ობლიგაციების განთავსება განახორციელა.
პროგრამის ფარგლებში, მათ ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსების გრანტები მიიღეს.
„კაპიტალის ბაზრის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი და ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი სტრუქტურული რეფორმაა. მისი ძირითადი მიზანი საქართველოს ბაზარზე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ალტერნატიული და დივერსიფიცირებული ინსტრუმენტების დანერგვაა. ამ მხრივ, ბოლო წლებში ბევრი რამ გაკეთდა. მათ შორის, მომზადდა და ინიცირებულ იქნა საკანონმდებლო ინიციატივები ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნული ბანკის მხრიდან. თუმცა, კაპიტალის ბაზრის განვითარებას უფრო მეტი სტიმულირება და კონკრეტული ინსტრუმენტების შეთავაზება სჭირდება,” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ირაკლი ნადარეიშვილმა დადებითად შეაფასა „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა” და აღნიშნა, რომ მისი განხორციელების შედეგად, ქართულმა კომპანიებმა 1 წლის განმავლობაში ბაზარზე 400 მლნ ლარზე მეტი ფასიანი ქაღალდი გამოუშვეს. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის სამინისტროს სამომავლო ინიციატივებზე, რომლებიც კაპიტალის ბაზრის ეკოსისტემის შემდგომი განვითარებისკენ იქნება მიმართული, მათ შორის, კერძო და ვენჩურული კაპიტალის ფონდების განვითარება, ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხელშეწყობის კონკრეტული ინსტრუმენტები, ცნობიერების ამაღლება და სხვა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ გაგუამ, ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის პროექტების განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკ სენდეროვიჩმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.