უკრაინასთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის ტექსტი ცნობილია

საქართველოს პარლამენტი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს პლენარულ სხდომაზე რეზოლუციის ტექსტს განიხილავს. რეზოლუციის პროექტი 6 პუნქტისგან შედგება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახეზეა დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის და ორ სახელმწიფოს შორის ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების პერსპექტივა, რაც აშკარა საფრთხეს უქმნის რეგიონალურ, ისევე როგორც საერთაშორისო მშვიდობას და სტაბილურობას.
მიუხედავად საერთაშორისო დონეზე მიღებული გამაფრთხილებელი მოწოდებებისა, რუსეთი არღვევს საერთაშორისოს აღიარებულ სამართლის ნორმებს და პრინციპებს. პროექტის მიხედვით, აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტი:
1. კიდევ ერთხელ უცხადებს სოლიდარობას უკრაინის ხელისუფლებასა და ხალხს. ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიალური მთლიანობისადმი. 2. სრულად უჭერს მხარს საქართველოს მთავრობის მიერ გამოხატულ პოზიციას უკრაინაში შექმნილ კრიზისულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და მის ძალისხმევას უკრაინის დასახმარებლად. 3. გმობს აგრესიას სუვერენული უკრაინის მიმართ, რაც არამარტო ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, არამედ შეუქცევადს ხდის საომარი მოქმედებების ესკალაციის პროცესს, რაც კატასტროფულ შედეგს მოუტანს საერთო ევროპულ უსაფრთხოებას. 4. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უარი თქვას ნებისმიერი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ხასიათის უთანხმოების ძალისმიერი მეთოდით გადაჭრის მცდელობაზე და მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობას, ისევე როგორც უკრაინის ხელისუფლების ძალისხმევას კრიზისის მოლაპარაკების გზით დაძლევის უზრუნველსაყოფად. 5. მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებებისა და აგრესიის შეჩერების, დაძაბულობის დეესკალაციისა და ჰუმანიტარულური პრობლემების მოგვარების მიზნით. 6. მოუწოდებს ნატოსა და ევროკავშირს, მიიღოს ეფექტური ზომები, როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს და მოლდოვას უსაფრთხოების გაძლიერების და ამ მიზნით ერთიან ევროატლანტიკურ სისტემაში ინტეგრაციის დაჩქარებისთვის.
პარლამენტს უკრაინაში მიმდნარე მოვლენებთან დაკავშირებით ორი რეზოლუცია უკვე მიღებული აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები