გიორგი ამილახვარი: არ შევდივართ პოლემიკაში იმ ხელისუფლებასთან, რომელიც რუსეთთან ომობს, თუმცა, გადაწყვეტილება, რომელიც ელჩთან დაკავშირებით მიიღეს, უკიდურესად მიუღებელია

“არ შევდივართ პოლემიკაში იმ ხელისუფლებასთან, რომელიც რუსეთთან ომობს, თუმცა, გადაწყვეტილება, რომელიც ელჩთან დაკავშირებით მიიღეს, უკიდურესად მიუღებელია”, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ზელენსკის გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა იმ პირობებში, როცა უკრაინაში ომის დაწყებიდან საქართველოს ელჩს უკრაინა არცერთი დღით არ დაუტოვებია.

„სიცრუეა, თითქოს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა რაიმე ფორმით არის გაუარესებული ან რაიმე აკლდება მისი ჯანმრთელობის დაცვას. აღნიშნული ფაქტი თავად სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა. მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური, მაღალხარისხიანი კლინიკის ლუქსპალატაში. ამ ყველაფერს სტრასბურგის გადაწყვეტილებაც როცა უმყარებს ზურგს, ვის შეიძლება, საერთოდ თავში მოუვიდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს აკლებს მედიკამენტურ მკურნალობას ან სხვა ნებისმიერს. ეს არის ძალიან სამწუხარო, არასამართლიანი გადაწყვეტილება იმ პირობებში, როცა უკრაინაში ომის დაწყებიდან სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, წამყვანი ქვეყნის საელჩოები ტოვებდნენ უკრაინას, საქართველოს ელჩს და საქართველოს საელჩოს არცერთ წარმომადგენელს არცერთი დღით არ დაუტოვებიათ უკრაინა. საკითხს საზოგადოება თავად განსჯის“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს. მან ასევე დაავალა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაიბაროს უკრაინაში საქართველოს ელჩი, რათა „გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ მას, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები