მსოფლიო ბანკი საქართველოს 60 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს

ელექტროგადამცემი ქსელის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილის სტაბილურობა გაუმჯობესდება. დაგეგმილია ახალციხიდან ბათუმამდე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა. აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით, საქართველოს 60 მილიონ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს, შეღავათიანი სესხის სახით, მსოფლიო ბანკი გამოუყოფს. ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის დაფინანსების შეთანხმებას დღეს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეც ესწრებოდა.
“საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც მსოფლიო ბანკი ახორციელებს ენერგეტიკულ სფეროში. ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემის ეფექტურობის, ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების გაზრდას, ასევე ელექტროენერგიის ექსპორტის ხელშეწყობას”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ნოდარ ხადურის განმარტებით, პროექტი უზრუნველყოფს ქვესადგური “ბათუმი” და მთლიანად აჭარა-გურიის რეგიონების ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის გაზრდას. პროექტს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები