მწერალთა სახლი მწუხარებას გამოთქვამს უკრაინელი მწერლისა და პოეტის, ვიქტორია ამელინას დაღუპვის გამო

მწერალთა სახლი სამძიმარს უცხადებს უკრაინელ ხალხს, მწერლისა და პოეტის, ვიქტორია ამელინას დაღუპვის გამო.
„37 წლის ამელინა რუსული სარაკეტო იერიშის დროს მძიმედ დაიჭრა, მაშინ როცა ის მეგზურობას უწევდა ლათინურ ამერიკაში უკრაინის მხარდამჭერი ორგანიზაციის (Aquanta Ucraina) დამფუძნებელს, კოლუმბიელ დეპუტატ სერხიო ხარამილიოს, მწერალ ეკტორ აბადს და ჟურნალისტ კატალინა გომესს, რომლებიც ასევე დაიჭრნენ.
მძიმედ დაჭრილი მწერალი 2 ივლისს გარდაიცვალა.
ვიქტორია ამელინას კალამს ორი რომანი და ერთი საბავშვო წიგნი ეკუთვნის. მწერალი ჯოზეფ კონრადის სახელობის ლიტერატურული პრემიის ლაურეატი იყო. ამელინამ ომის დაწყებისას, საკუთარი შვილი პოლონეთში გახიზნა, თავად კი კიევში დაბრუნდა და ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებდა.
„ომია, როცა შენ ვეღარ მიჰყვები ახალ ამბებს და მხოლოდ მეზობლებს გლოვობ, რომლებიც შენ მაგივრად დაიღუპნენ რამდენიმე კილომეტრში„ – დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა საკუთარ ტვიტერზე მწერალმა, როცა ის კიევის დაბომბვას უყურებდა საკუთარი ბინიდან“, – ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები