„დედაქალაქის პროფესიული თეატრები რეგიონებში – ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“ – კულტურის სამინისტრომ კონკურსის გამარჯვებული პროექტები გამოავლინა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოავლინა კონკურსის – „დედაქალაქის პროფესიული თეატრები რეგიონებში – ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“ გამარჯვებული პროექტები.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ეს პროექტებია:
1. ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის გასტროლი ოზურგეთში, სპექტაკლი „შეყრა” (რეჟ. დ. დოიაშვილი). სპექტაკლის ჩვენება დაგეგმილია ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
2. ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის გასტროლი შიდა ქართლში, სპექტაკლი „უჩინმაჩინის ქუდი“ (რეჟ. გოჩა კაპანაძე). სპექტაკლის ჩვენება დაგეგმილია არბოში, დვანში, ნიქოზში, მეღვრეკისში, კოდაში, წეროვანსა და გორში.
3. სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის გასტროლი სვანეთში, სპექტაკლი „ირმის შვილი“ (რეჟ. ირმა თავართქილაძე). სპექტაკლის ჩვენება დაგეგმილია ჭუბერში, ბეჩოსა და მესტიაში.
4. თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის გასტროლი კახეთში, სპექტაკლი „Hellados“. სპექტაკლის ჩვენება დაგეგმილია ქვემო მაჩხაანში, ანაგაში, ხაშმში, მელაანში, კარდენახში, ხორნაბუჯში, ქისტაურსა და გურჯაანში.
5. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის გასტროლი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სპექტაკლები: „ვანო და ნიკო“ (რეჟ. რობერტ სტურუა), „ძუნწი“ (რეჟ. გოჩა კაპანაძე) და „ჰედა გაბლერი“ (რეჟ. თათა პოპიაშვილი). სპექტაკლების ჩვენება დაგეგმილია გორში, ქუთაისში, ბაღდათში, ვანსა და ხონში.
6. თითების თეატრის გასტროლი, სპექტაკლები „ექსტრავაგანსა“ და „თამაში მაგიდასთან“. სპექტაკლების ჩვენება დაგეგმილია რუსთავში, წალკაში, დმანისში, ბოლნისში, მარნეულში, გარდაბანსა და თეთრიწყაროში.
7. მოძრაობის თეატრის გასტროლი აჭარაში. სპექტაკლები გაიმართება ხულოში, ხელვაჩაურსა და ჩოხატაურში.
8. თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის გასტროლი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სპექტაკლი „საბრალდებო დასკვნა“ (რეჟ. არმენ ბაიანდურიანი). სპექტაკლის ჩვენება დაგეგმილია ბოლნისში, რუსთავში, სენაკსა და სიღნაღში.
9. თანამედროვე ქართული თეატრის გასტროლი სამეგრელოში, სპექტაკლი „მარტოკინა“ (რეჟ. ეკატერინე შარიქაძე). სპექტაკლის ჩვენება დაგეგმილია სენაკსა და ფოთში.
10. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის გასტროლი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სპექტაკლი „ზვავი“ (რეჟ. რუსუდან ბოლქვაძე). სპექტაკლის ჩვენება დაგეგმილია გორში, ზესტაფონსა და მესტიაში.
11. „არტ ეარის“ გასტროლი ქუთაისში, სპექტაკლი „ქართული თეატრის ამბავი“ (რეჟ. ნიკოლოზ საბაშვილი). სპექტაკლის ჩვენება დაგეგმილია ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
12. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის გასტროლი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სპექტაკლი „ავი მუსაიფი“. სპექტაკლის ჩვენება დაგეგმილია ოზურგეთსა და თელავში.
13. „თეატრი ათონელზე“, გასტროლი რაჭაში, სპექტაკლი „მზის ხაზი“ (რეჟ. გეგა გაგნიძე). სპექტაკლის ჩვენება დაგეგმილია ონში.
14. საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებაში შემავალი თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის გასტროლი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სპექტაკლი „საქართველო“ (რეჟ. ნიკოლოზ საბაშვილი). სპექტაკლის ჩვენება დაგეგმილია ანაკლიაში, განმუხურში, ჩხორიაში, მესტიაში, ჭუბერსა და ბეჩოში.
15. თეატრ „ანარეკლის“ გასტროლი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სპექტაკლი „ჰაროლდი და მოდი“(რეჟ. გიგი ლორია). სპექტაკლის ჩვენება დაგეგმილია ბორჯომში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ბათუმში.
16. ჩრდილების სახელმწიფო პროფესიული თეატრის, „აფხაზეთის“, გასტროლი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სპექტაკლი „წელიწადის ოთხი დრო“ და ფილმი „იაკობ გოგებაშვილი“. სპექტაკლისა და ფილმის ჩვენება დაგეგმილია საგარეჯოს, მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ექვს სოფელში.
17. სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის გასტროლი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სპექტაკლი „პარტახი“ (რეჟ. ს. მრევლიშვილი). სპექტაკლის ჩვენება დაგეგმილია ნოქალაქევში, მესტიასა და ჭუბერში.
2023 წელს კონკურსისთვის გამოიყო 250 000 ლარი. სამინისტროს მომართა 25-მა განმცხადებელმა. გამარჯვებული 17 პროექტის ფარგლებში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 66 სცენაზე გაიმართება 71 წარმოდგენა.
ცნობისათვის: ამავე სახელწოდებით გამოცხადებული კონკურსის ბიუჯეტი 2022 წელსაც 250 000 ლარი იყო და 11 საკონკურსო განაცხადიდან ყველა დაფინანსდა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.