კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში, 2024 წელს, საქართველოს ისტორიისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა გაიხსნება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. კულტურის მინისტრი კრაკოვის ეროვნული მუზეუმის დირექტორს, ანდჟეი შჩერსკს, შეხვდა და მასშტაბური გამოფენის – „ოქროს საწმისი – საქართველოს ხელოვნება” – მოსამზადებელ პროცესს გაეცნო.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: პოლონეთში საქართველოს ელჩი დიანა ჟღენტი, კურატორი და გამოფენის სცენარისტი მიროსლავ კრუკი, პოლონურ-ქართული მუზეუმის თანამშრომლობის პროექტის – „კულტურა საზღვრებს მიღმა” – ხელმძღვანელი დომინიკა ტრეიტი და პროექტების კოორდინატორი კატარზინა პავლოვსკა.
საქართველოს მხრიდან გამოფენის მომზადებას ხელმძღვანელობენ: საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი და ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს ისტორიისა და კულტურისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა 2024 წელს პოლონეთში, კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში გაიხსნება.
„ექსპოზიცია ევროპელ დამთვალიერებელს საქართველოს მდიდარ კულტურას, ქართული ხელოვნების შედევრებს, ეთნოგრაფიულ და ყოფის ამსახველ, ასევე – საბრძოლო ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშებს გააცნობს. დაგეგმილია ქართული მოდერნიზმის საუკეთესო წარმომადგენელთა შემოქმედების წარმოჩენაც. გამოფენისთვის მომზადდება და გამოიცემა ორენოვანი კატალოგის ორტომეული.
აღსანიშნავია, რომ პირველად გამოიფინება პოლონეთის სხვადასხვა მუზეუმში დაცული არაერთი საყურადღებო ქართული არტეფაქტი თუ ხელნაწერი.
გამოფენის მომზადების პროცესში მონაწილეობენ: ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი, შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი, ზუგდიდის დადიანების სასახლეების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, ნ. ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმი და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი.
კრაკოვის ეროვნული მუზეუმის დირექტორმა ქართულ მხარეს აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში,

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები