ელექტროგადამცემი ქსელის გაუმჯობესების პროექტს ხელი მოეწერა

საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა ხელი მოაწერეს საფინანსო ხელშეკრულებას საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაუმჯობესების პროექტის განსახორციელებლად 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალიმ. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიზანია, ელექტროგადამცემი ქსელის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილის სტაბილურობის გაუმჯობესება. პროექტის მიხედვით დაგეგმილია ახალციხიდან ბათუმამდე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა. აღნიშნული პროექტი უზრუნველყოფს ქვესადგური „ბათუმის“ და მთლიანად აჭარა-გურიის რეგიონების ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის გაზრდას. 
„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც მსოფლიო ბანკი ახორციელებს ენერგეტიკულ სფეროში. ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემის ეფექტურობის, ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების გაზრდას, აგრეთვე ელექტროენერგიის ექსპორტის ხელშეწყობას,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
„ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. ენერგეტიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია ჩვენს ქვეყანაში და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საქართველო გახდეს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ჩვენი სისტემის საიმედოობის გაზრდას, დანაკარგების შემცირებას და ზოგადად, ახალი ჰიდროელექტროსადგურებიდან მიღებული ელექტროენერგიის მაღალი გამტარუნარიანობის უზრუნველყოფას,“ – აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ.
„მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები ძირითადად გამოყენებული იქნება საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაუმჯობესების პროექტის განსახორციელებლად. პროექტი ითვალისწინებს როგორც გადამცემი სისტემის საიმედოობის გაზრდას, ისე გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურის მეშვეობით ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებას,“ – განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალიმ.
პროექტს განახორციელებს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ შესაბამის ხელშეკრულებას დღესვე ხელი მოაწერეს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურმა დირექტორმა სულხან ზუმბურიძემ და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები