ოთარ დანელია სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას ხელმძღვანელობით საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ჩინეთში იმყოფება. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ქართული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ლევან შონია, სენაკის გამგებელი, გოჩა დგებუაძე და რეგიონის სხვა წარმომადგენლები შედიან, აქტიურად მართავს შეხვედრებს ჩინეთის სამთავრობო წრეებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. მათივე ინფორმაციით, ჩინეთის განვითარების ბანკის რეგიონალურ ხელმძღვანელთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სასოფლო-სამეურნეო საკითხების ფართო სპექტრი. ლიზინგის, სოფლის მეურნეობის დაკრედიტების ეფექტური სისტემის და საკონსულტაციო მომსახურების განვითარების მნიშვნელობაზე საუბრისას მხარეებმა განსაკუთრებული ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებებში ჩინური ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობებს.
ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ურუმჩიში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ჩინური მხარის მიერ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სოფლის მეურნეობაში 20-დან 25 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებას. მემორანდუმით განსაზღვრულია ინვესტიციების ჩადება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანის, მეთევზეობის, მეცხოველეობის, მეჩაიეობის, სამაცივრე მეურნეობების, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და აგრო-ტურიზმის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები